კონკურენციის სააგენტოს ორგანიზებით, ხვალ სემინარი - „კონკურენციის კანონმდებლობა ევროკავშირსა და საქართველოში“ გაიმართება

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა”, ფარგლებში, ხვალ, სემინარი თემაზე - „კონკურენციის კანონმდებლობა ევროკავშირსა და საქართველოში“ გაიმართება.

როგორც კონკურენციის სააგენტოდან იუწყებიან, სემინარს საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადური გახსნის. ღონისძიებაზე ყველა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები არიან მიწვეული.

მათივე ინფორმაციით, კონკურენციის სამართლისა და ეკონომიკის დარგში წამყვანი ექსპერტები - ფრანსუა სუტი, აურელიო ლა ტორე და დიანა მარკოვიჩ-ბაიალოვიჩი მოხსენებებს შემდეგ საკითხებზე გააკეთებენ - კონკურენციის კანონმდებლობა და პოლიტიკა ევროინტეგრაციის კონტექსტში; კონკურენციის მნიშვნელობა გარდამავალ ეკონომიკებში; საქართველოს ვალდებულებები კონკურენციის სამართლის სფეროში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად და სხვა.

„სემინარის ფარგლებში დისკუსია იგეგმება და მონაწილეები მათთვის საინტერესო საკითხებზე პასუხებს მიიღებენ. პროექტის მიზანია, DCFTA-ის დებულებების შესაბამისად, ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით, ქვეყნის ინსტიტუციონალური განვითარება, გააძლიერება, ეკონომიკური წინსვლისა და მომხმარებელთა კეთილდღეობის ხელშეუწყობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.