ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიამ კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ".
რეზოლუციას მხარი 80-მა ქვეყანამ დაუჭირა, 14-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 61-მა კი თავი შეიკავა. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი გაზრდილია. გასულ წელს რეზოლუციას 76-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 15 წინააღმდეგი იყო, ხოლო 64-მა სახელმწიფომ თავი შეიკავა.
რეზოლუცია, მისი მიზნებიდან გამომდინარე, წმინდა ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს და იძულებით გადაადგილების შესახებ გაერო-ს სახელმძღვანელო პრინციპებს ეფუძნება. ის გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. რეზოლუცია აღნიშნავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ აუცილებლობას.
რეზოლუცია მოუწოდებს გაერო-ს გენერალურ მდივანს, ყოველწლიურად მოამზადოს ანგარიში საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე. საგარეო უწყების შეფასებით, აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის. აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას.
„მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნული რეზოლუციის მიღებით საქართველოს საკითხი კვლავ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორუმის დღის წესრიგში და იპყრობს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას. საგარეო საქმეთა სამინისტრო, გაერო-სთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობასა და საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებთან ერთად, მომავალშიც არ დაიშურებს ძალისხმევას საერთაშორისო ასპარეზზე დევნილი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად, რადგან ეს არის და იქნება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლების შესახებ და ამით თითოეულ დევნილს კიდევ ერთხელ თანაგრძნობა გამოუცხადა.
გაერო-ს გენერალური ასამბლეა აღნიშნულ რეზოლუციას 2008 წლიდან იღებს, რითიც განამტკიცებს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად, საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას.