კომაროვის სკოლის 2017 წლის კურსდამთავრებული მერი კავთელიშვილი პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩაირიცხა და 250 ათას დოლარიანი დაფინანსებაც მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომაროვის სკოლა ავრცელებს.
მათივე ცნობით, კავთელიშვილი ოქროს მედალოსანია. ის მსოფლიოს ოთხ წამყვან უნივერსიტეტში - University of Pennsylvania (Upenn), Middlebury College, Colgate University და Bucknell University-ჩაირიცხა და თითოეულში საშუალოდ 250 000 დოლარიანი დაფინანსება მიიღო.
თუმცა, სწავლის გასაგრძელებლად ქართველმა ახალგაზრდამ პენსილვანიის უნივერსიტეტი ამოირჩია. უნივერსიტეტი Ivy League-ს წევრია, რომელშიც ამერიკის რვა ყველაზე პრესტიჟული და რჩეული უნივერსიტეტი შედის. ესენია: ჰარვარდი, პრინსტონი, იეილი, კოლუმბიის უნივერსიტეტი, კორნელი, ბრაუნი და დარტმუსი.
პენსილვანიის უნივერსიტეტი ბენჯამინ ფრანკლინმა დააარსა და სიძველით მეოთხე უნივერსიტეტია ამერიკაში. უნივერსიტეტი ყოველწლიურად აპლიკანტების მხოლოდ 9%-ს იღებს. ამ უნივერსიტეტში სწავლობდნენ დონალდ ტრამპი და უორენ ბაფეტი.
გარდა მერისა, კომაროვის სკოლის 2017 წლის კიდევ ერთი კურსდამთავრებული ზურაბ ცინაძე მსოფლიოს 5 წამყვან უნივერსიტეტში: University of Bridgeport, University of Bologna, KU Leuven, University of Debrecen და Budapest University of Technology and Economics ჩაირიცხა.