2017 წლის მაისში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 6,6 პროცენტი შეადგინა. წინა თვესთან შედარებით კი ინდექსი არ შეცვლილა.
საქსტატის ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0,5%-ით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,07 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (2,9 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1,1 პროცენტი);
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ფასები გაიზარდა 1,8%-ით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,08 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია დაზღვევის ქვეჯგუფზე (15,5 პროცენტი);
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0,4%-ით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,13 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (-4,9 პროცენტი), ზეთსა და ცხიმზე (-0,7 პროცენტი), შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე (-0,4 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (2,4 პროცენტი), აგრეთვე ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (2,3 პროცენტი).
რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, „საქსტატის“ ცნობით, მოცემულ პერიოდში ფასების 8,3 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, რაც 2,53 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე.
ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (30,3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11,3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (10,1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (8,0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (6,0 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-4,7 პროცენტი);
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 17,5%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 2,13 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მატება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (24,0 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (11,2 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (6,0 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 15,0%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,97 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (31,7 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1,4 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 6,7%-ით, რაც 0,60 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობების (16,8 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (5,3 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.