საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მეშახტეებისა და მაღაროელებისთვის საშეღავათო სისტემის შემუშავების თაობაზე 30 ათასი ხელმოწერის შეგროვების დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ პროფკავშირების გაერთიანების ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პროფკავშირებმა მეშახტეებისა და მაღაროელებისათვის საშეღავათო სისტემის შემუშავების თაობაზე ახლახან პრემიერ-მინისტრს მიმართეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.
პეტრიაშვილის თქმით, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ მიიღო გადაწყვეტილება, აღნიშნულ საკითხზე საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს მიმართოს. პეტრიაშვილის განცხადებით, პროფკავშირები კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით ისარგებლებენ და 30 ათასი ხელმოწერის შეგროვებას დაიწყებენ, რათა პროექტის ინიცირება მოხდეს.
პეტრიაშვილმა მოუწოდა პროფკავშირების გაერთიანებაში შემავალ ყველა დარგობრივ ორგანიზაციას და მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ ხელმოწერების შეგროვებაში. პეტრიაშვილმა ისაუბრა თუ რას ითვალისწინებს საშეღავათო სისტემა. კერძოდ, ეს სისტემა ითვალისწინებს მაღაროელების გათავისუფლებას საშემოსავლო გადასახადისაგან, საქართველოში სულ 4349 მეშახტე და მაღაროელია და მათი საშემოსავლო გადასახადიდან გათავისუფლების შემთხვევაში, თვეში თანხა ჯამურად 594 ათას ლარზე მეტი იქნება. მეორე ინიციატივა ეს არის საპენსიო ასაკის 55 წლამდე შემცირება; მესამე – მეშახტეებმა და მაღაროელებმა სამუშაო ადგილებზე დაზიანების შემთხვევაში კომპენსაცია მიიღონ, ხოლო შრომის უნარის ნაწილობრივ ან სრულად დაკარგვის შემთხვევაში - სარჩო დაენიშნოთ, დასაქმებულის გარდაცვალების შემთხვევაში სარჩო მიიღონ მარჩენალდაკარგულებმა დასაქმებულის ხელფასის ოდენობით; მეოთხე – შეიქმნას სამმხრივი ქმედითი შრომითი ინსპექცია, რომელიც აღნიშნული პირების შრომით უფლებებსაც დაიცავს.
პეტრიაშვილის თქმით, ხელმოწერებს დაახლოებით ორ კვირაში შეაგროვებენ, თუ პარლამენტი მათ დროულად მიაწვდის შესაბამის ფორმებს.