ტურიზმის ეროვნული ადმინისტაცია რეგიონებში ზაფხულის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით რიგ ღონისძიებებს გამართავს , - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, საერთაშორისო მოგზაურთა ზრდის პარალელურად მატულობს შიდა მოგზაურთა რაოდენობა.
მისივე თქმით, ტურისტების ნაკადების ზრდის ფონზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რეგიონებში ზაფხულის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით შემდეგ ღონისძიებებს მართავს, კერძოდ, 10 ივნისს დაბა მანგლისში, იგეგმება ზაფხულის სეზონის გახსნის ღონისძიება. 9-12 ივნისის ჩათვლით დაბა მანგლისში ასევე იგეგმება სალაშქრო სეზონის გახსნის ღონისძიებაც.
10-11 ივნისს ვარძიაში, სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების მიზნით დაგეგმილია სპორტული ღონისძიება - „ვარძიის სათავგადასავლო ტურნირი“. სათავგადასავლო შეჯიბრი, სპორტის სამ სხვადასხვა დისციპლინაში, (სირბილი, ველორბოლა, ჯომარდი).
11 ივნისს დაგეგმილია ზაფხულის სეზონის გახსნა სვანეთში, სადაც გაიმართება თეატრალიზებული წარმოდგენა და კონცერტი, ასევე: საჭმლის დამზადების მასტერკლასები და ქართული ცეკვის მასტერკლასი.ზაფხულის განმავლობაში ადმინისტრაციას დაგეგმილი აქვს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, მათ შორის, ჩვენს მიერ გაკეთებულ ველობილიკებზე, ბაკურიანსა და გუდაურში გაიმართება ველომარათონი.
მისივე თქმით, ასევე რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი Check in Georgia- ს ფარგლებში, როგორც ბლექ სი არენაზე, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
„ზაფხულის განმავლობაშიც გაგრძელდება პროექტი ,,გაიცანი საქართველო“ ქართველი ჟურნალისტებისთვის და პრესტურების ორგანიზება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მასმედიის წარმომადგენლებისთვის”,- განაცხადა ჩოგოვაძემ.