პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტი წარედგინა, რომელიც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას გულისხმობს.
პროექტის ავტორი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ინიციატორი კი საქართველოს მთავრობაა.
ცვლილებების თანახმად, თეატრები, მუზეუმები, ანსამბლები და მუსიკალური ცენტრები შესაძლოა შემოსავლის არანაკლებ 10%-ის სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვის ვალდებულებისგან გათავისუფლდნენ. მოქმედი რედაქციით, სსიპ-ები ვალდებულნი არიან ყოველი კვარტლის ბოლო სამუშაო დღეს, ამ დღისათვის კვარტალში მიღებული შემოსავლის არანაკლებ 10% ბიუჯეტში მიმართონ.
ამასთან, კანონპროექტი გულისხმობს იმასაც, რომ კულტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომელთა შემოსავალი ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების გარდა, 1 მილიონ ლარს აღემატება, საქართველოს მთავრობასთან შესაბამისი ბიუჯეტის პროექტს, საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს აღარ შეათანხმებენ.
„მოქმედი რედაქციის შესაბამისად „ის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავალი, ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების გარდა, აღემატება 1 მილიონ ლარს და რომელიც არის სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულება ან/და საქართველოს მთავრობის, საქართველოს სამინისტროსა და სახელმწიფო მინისტრის კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა საგანმანათლებლო ან სამეცნიერო დაწესებულებისა), ვალდებულია საქართველოს მთავრობასთან შეათანხმოს შესაბამისი ბიუჯეტის პროექტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.“ პროექტის მიზანია, გამონაკლისის სახით არსებულ საგანმანათლებლო ან სამეცნიერო დაწესებულებას, რომელზეც ეს მოთხოვნა არ ვრცელდება, კულტურის დაწესებულებაც დაემატოს.
ამასთან, კანონპროექტის მიზანია, „2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მოთხოვნა, რომელიც გულისხმობს სსიპ-ების მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული (საკუთარი) შემოსავლის არანაკლებ 10%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვას, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ კულტურულ-შემოქმედებითი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, როგორებიც არიან: თეატრები, მუზეუმები, ანსამბლები, მუსიკალური ცენტრები აღარ გავრცელდეს,“-ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
თაია არდოტელი