ილონ მასკმა პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველთა საბჭო დატოვა

ილონ მასკმა პირობა შეასრულა და შეერთებული შტატების მიერ პარიზის შეთანხმებიდან გამოსვლის შემდეგ, პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველთა საბჭოს დაემშვიდობა.

ამის შესახებ მასკმა "ტვიტერზე" დაწერა.

„ვტოვებ პრეზიდენტის საბჭოს. კლიმატის ცვლილება რეალურია. პარიზის დატოვება კარგი არ არის ამერიკისთვის და მსოფლიოსთვის“, - ამბობს მასკი, ვინც პრეზიდენტის აპარატში, მრჩეველთა სტრატეგიისა და საკანონმდებლო საბჭოებში მონაწილეობდა.

პარიზის შეთანხმება გლობალური კლიმატის ცვლილებას ეხება და მისი მონაწილენი ამ პროცესის შეჩერებისთვის ერთობლივ მიზნებს ისახავენ. შეთანხმება 2015 წლის დეკემბერში გაფორმდა და მასზე ხელი 195 ქვეყნის მეთაურმა მოაწერა. მისი დატოვების შემდეგ, აშშ გახდა მესამე სახელმწიფო, რომელიც პარიზულ შეთანხმებაში არ მონაწილეობს. პირველი ორია სირია და ნიკარაგუა. ამასთან, ლათინურამერიკული ქვეყნის შეთანხმებაში არმონაწილეობის არგუმენტი ისაა, რომ მხოლოდ შეთანხმებით საქმეს არ ეშველება და კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად, უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო.

ტრამპისგან განსხვავებით, კალიფორნიის, ვაშინგტონისა და ნიუ იორკის გუბერნატორები აპირებენ ალიანსის შექმნას, რომელიც პარიზის შეთანხმების მიერ დასახული მიზნების დამოუკიდებლად შესრულებას იკისრებენ. კალიფორნიის გუბერნატორმა ჯერი ბრაუნმა განაცხადა: „თუ პრეზიდენტი თავს აარიდებს კაცობრიობისთვის ასეთ მნიშვნელოვან საქმეს, მაშინ კალიფორნია და სხვა შტატები ამას დამოუკიდებლად გააკეთებენ“.

პრეზიდენტი ტრამპი თვლის, რომ პარიზული შეთანხმება მისი ქვეყნის განვითარების ტემპს აფერხებს და ქვეყანაში დასაქმების დონეს აუარესებს.