საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე და მინისტრის პირველი მოადგილე, ირაკლი მატკავა, საქართველოში ვიზიტით მყოფ, ბავარიის ეკონომიკური და პოლიტიკური დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან იუწყებიან, დელეგაციას ბავარიის ეკონომიკისა და მედიის, ენერგეტიკისა და ტექნოლოგიების სამინისტროს სახელმწიფო მდივანი და სამხარეო პარლამენტის წევრი, ფრანც იოსეფ ფშირერი ხელმძღვანელობდა.
ზურაბ ალავიძემ დელეგაციის წევრებს ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე და 2017-2020 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.
”სტუმრებმა მინისტრისგან დეტალურად მიიღეს ინფორმაცია სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებსა და პროექტების ეფექტიანად განხორციელების მიზნით სამომავლოდ გასატარებელ ღონისძიებებზე”, - განმარტავენ სამინისტროში.
ზურაბ ალავიძის განცხადებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ძალისხმევას არ იშურებს პროექტების წარმატებით განხორციელებისათვის.
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებიც განიხილეს.