საქართველოში პირველად, ფრენჩაიზინგის საერთაშორისო გამოფენა BUYBRAND Transcaucasia მიმდინარეობს. ღონისძიება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენაა საშუალო და მცირე ბიზნესისთვის კავკასიის რეგიონში. გამოფენაზე 30-ზე მეტი ბრენდია წარმოდგენილი. მათ შორისაა: shokoladnitsa, baskin robbins, coffe house, shikari, il patio, papa john’s. ფიტნეს ცენტრების ქსელი FIT POWERED BY X-BODY, FIT’N’GO, სამედიცინო ლაბორატორიული ქსელი INVITRO, და GEOMETEST, საერთაშორისო სასტუმროების ქსელი BEST WESTERN HOTELS AND RESORTS და სხვა.
„ფრენჩაიზის მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ამავდროულად გვაქვს სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტი „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში. რომელიც გულისხმობს ფრენჩაიზის შემთხვევაში 5 მილიონამდე სესხის გაცემას და ათი პროცენტი საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას ორი წლის განმავლობაში,- განაცხადა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მარიანა მორგოშიამ.
რუსეთის ფრენჩაიზინგის ასოციაციის პრეზიდენტმა აგნესა ოსიპოვამ ღონისძიება დადებითად შეაფასა.
„BUYBRAND Transcaucasia უნიკალური მოვლენაა, რომელიც ბევრ სარგებელს მოიტანს რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის. საქართველოში ბევრი რამ არის გაკეთებული ბიზნეს-აქტიურობის კუთხით. ფრანჩაიზინგის რუსეთის ასოციაციამ ბევრი რუსული ბრენდი ჩამოიყვანა, ისინი არიან ფრანჩაიზინგის მიმართულების ლიდერები, როგორც მომსახურების, ასევე კვების სფეროში. ქართულ ბაზარზე დიდი დაინტერესებაა. იმ აქტიურობის გათვალისწინებით, რასაც აქ ვხედავთ, დარწმუნებული ვარ, რომ ხელი მოეწერება ახალ შეთანხმებებს და საქართველოში ახალი ბიზნესები გაიხსნება,“- განაცხადა აგნესა ოსიპოვამ.
ღონისძიება ექსპოჯორჯიაში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და 3 ივნისს დასრულდება.
ორდღიან გამოფენასთან ერთად დაგეგმილია ბიზნეს-ფორუმიც. ფორუმის ფარგლებში ადგილობრივ მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ მსოფლიო ფრენჩაიზინგის წამყვანი კომპანიების პირველ პირებს და გაითვალისწინონ მათი რეკომენდაციები.
ქრისტინე გამთენაძე