საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და ჰოლანდიის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი იწყება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, ლევან უჯმაჯურიძე ჰოლანდიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივიერსიტეტის HAS (University of Applied Sciences) წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან, შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ერთობლივი პროექტის განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

”ჰოლანდიის უნივერსიტეტი HAS, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად საბაკალავრო სასწავლო პროგრამის - ”საერთაშორისო ფერმერული მენეჯმენტი” განხორციელებას იწყებს. პროგრამის პრაქტიკულ ნაწილს, სტუდენტები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზებზე გაივლიან.

ლევან უჯმაჯურიძის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუწყობს ხელს, რადგან ახალგაზრდა პროფესიონალი კადრების მომზადება მნიშვნელოვანია დარგის გრძელვადიანი განვითარებისთვის. ამასთან, პროგრამა ფერმერებისთვის ექსტენციის კომპონენტსაც ითვალისწინებს. ფერმერები მიიღებენ კონსულტაციებს და შეძლებენ სწორად განავითარონ საკუთარი ფერმერული მეურნეობა. მისი თქმით, აუცილებელია ფერმერმა იცოდეს საერთაშორისო და ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნები, საჭიროებები და საკუთარი მეურნეობის სწორი დაგეგმარება.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჰოლანდიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივიერსიტეტის წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე ვაზის იშვიათი ჯიშების კოლექცია დაათავლიერეს და ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდებს გაეცნენ”, - აცხადებენ სამინისტროში.