არ გამოვრიცხავ, რომ ამ 2000 პედაგოგს შორის, რომელსაც უმაღლესი განათლების დიპლომი არ აქვს, იყვნენ კარგი პედაგოგები , - ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ აუდიტის დასკვნის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც 2000 მასწავლებელს არ აქვს უმაღლესი განათლება მიღებული. როგორც მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული ინფორმაცია უფრო სიღრმისეულად არის გასაანალიზებელი.
”დიდი განსხვავებაა იმაში, ეს ხალხი ფიზკულტურას ასწავლის სკოლაში, პროფორიენტაციას, თუ საბუნებისმეტყველო საგნებს. ამაში ჩვენ აუცილებლად გავერკვევით. სამწუხაროდ, უმაღლესი განათლების დიპლომი, ყოველთვის მაღალი კომპეტენციის დასტურად არ გამოდგება. ანუ მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ 2000 ადამიანიდან, რომელსაც უმაღლესი განათლების დიპლომი არ აქვს, მათ შორის იყვნენ კარგი პედაგოგები და დანარჩენ 65 ათას ადამიანში, რომელსაც აქვს დიპლომი, იყვნენ ცუდი პედაგოგები. შესაბამისად, სისტემა ისე უნდა მუშაობდეს, რომ მხოლოდ დიპლომს არ ეყრდნობოდეს”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.