აჭარაში საზღვაო სეზონი გაიხსნა. მაშველებსა და შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებს სანაპიროზე სამუშაოდ სპეციალური აღჭურვილობა გადაეცათ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსმა, ზვიად ქაწაშვილმა განაცხადა, წელს აჭარაში სანაპიროს დასაცავად 135 თანამშრომელია მობილიზებული. მისივე თქმით, მაშველები დაშავებულებს პირველად სამედიცინო დამხრებასაც გაუწევენ.
„აჭარის მასშტაბით, სანაპიროს დასაცავად 135 თანამშრომელი მივიღეთ. მათ როგორც წყალზე სამუშაოდ, ასევე პირველადი სამედიცინო დახმარების კუთხით კურსები გაიარეს. ყველას სპეციალური ჩანთები დაურიგდათ, რომელიც პირველადი დამხარების ინვენტარით არის აღჭურვილი. სასწრაფო დახმარების მოსვლამდე მაშველები პირველად დახმარებას შეძლებენ. სანაპიროზე სხვადასხვა სამუშაოები ჩატარდა. წყალში ახალი ტივტივები ჩაიყარა. ჩვენმა სამსახურმა კონკრეტულ ადგილებში საინფორმაციო დაფები განათავსეს, სადაც ბანაობა აღნიშნულ ტერიტორიაზე აკრძალულია. მაშველები მზად არიან, დამსვენებლები ღირსეულად მიიღონ და მაქსიმალურად იზრუნონ მათ უსაფრთხოებაზე. მსხვერპლის რაოდენობა აშკარად კლებულობს და ვიმედოვნებ, რომ წელს საერთოდ არ იყოს“, - აცხადებს ზვიად ქაწაშვილი.
საზღვაო სეზონის გახსნის ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძეც ესწრებოდა. ოფიციალურმა პირებმა შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის სიგელები გადასცეს.