ეს შესაძლოა იყოს ექსპერიმენტული კრიმინალური აქტივობა. მანიაკური გადახრის მქონე ადამიანები სიამოვნებას იღებენ მოზარდებით მანიპულირებით
არასრულწლოვნებს ვურჩევ, ინტერნეტში მანიაკურ თამაშს, უმჯობესია, რეალურ ცხოვრებაში შეხვდნენ მეგობრებს. მშობელმა შვილს ვირტუალური სამყარო რეალურით უნდა ჩაუნაცვლოს. უნდა გავაკონტროლოთ შვილები, რადგან ბევრი მოზარდი ჩართულია ონლაინაზარტულ თამაშებში და ესეც დიდი საფრთხეა!
ბოლო დროს ბევრს საუბრობენ საშიშ ინტერნეტთამაშზე, რომელსაც მოზარდები ეწირებიან. ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ თამაშზე "ლურჯი ვეშაპი" გამოძიება ორი მუხლით დაიწყო: კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის უკანონო გამოყენება და თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა. "ლურჯი ვეშაპის" ძირითადი მომხმარებელი არასრულწლოვნები არიან. ის გავრცელებულია რუსეთში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. მოთამაშე ე.წ. კურატორისგან ეტაპობრივად იღებს რამდენიმე ათეულ სხვადასხვა შინაარსის დავალებას, რომლებიც თვითდაზიანების მიყენების მოწოდებასაც შეიცავს. თამაშის დასასრულს მოთამაშეს კურატორი აძლევს უკანასკნელ დავალებას, პირდაპირ მოუწოდებს თვითმკვლელობისკენ, რაც, ხშირად მართლაც სუიციდით მთავრდება.
როგორც ჩანს, "ლურჯმა ვეშაპმა" საქართველოშიც მოიკიდა ფეხი. დანაშაულის პრევენციის მიზნით, შს სამინისტრო მოუწოდებს ინტერნეტმომხმარებელს, თავი შეიკავოს ამ თემაზე ინფორმაციის ფართოდ გავრცელებისგან, რამაც, შესაძლოა, მოზარდებში მის პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი. სამართალდამცავებმა რისკის ქვეშ მყოფ არასრულწლოვნებთან მუშაობა უკვე დაიწყეს. როგორც შევიტყვეთ, ჯანდაცვის სამინისტროსაც გადასცეს ამ ბავშვების სია. საქმეში ჩართული არიან სოცმუშაკები, პედაგოგები და სკოლის დირექტორები. როგორც შევიტყვეთ, პოლიციელებმა მშობლების თანდასწრებით არაერთი მოზარდი გამოჰკითხეს.
"ბევრი ვირტუალური მეგობარი ჰყავდა, მაგრამ მათ არასოდეს შეხვედრია"
აჟიოტაჟი მას შემდეგ ატყდა, რაც 12 წლის მოზარდმა თბილისში თვითმკვლელობა სცადა. გოგონა იმ დღეს სკოლაში გაკვეთილებს დაესწრო, შემდეგ დედას მესიჯი გაუგზავნა, რომ შინ ბრუნდებოდა. ისადილა კიდეც... ცოტა ხანში მეზობლები შემაძრწუნებელი სურათის თვითმხილველი გახდნენ - გოგონა თავისი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოხტა. მეზობლებმა ბავშვი სასწრაფოდ იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა, თავზე ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა... შოკირებული მშობლები მომხდარს ახსნას ვერ უძებნიან.
როგორც სკოლის დირექტორისგან შევიტყვე, გოგონა მეექვსე კლასის წარჩინებული მოსწავლეა.
"ძალიან კარგ ოჯახშია აღზრდილი, მამამისიც ჩვენი სკოლის წარჩინებული მოსწავლე იყო. ძალიან ნიჭიერი და ზრდილობიანი ბავშვია. ბავშვებთან პრობლემა არასოდეს ჰქონია, პირიქით, ძალიან კონტაქტურია. მომხდარი მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა. ვერ გაგვიგია, რატომ მივიდა ამ მდგომარეობამდე".
გოგონას მეგობრებმაც არაფერი იციან. ერთ-ერთის თქმით, ბევრი ვირტუალური მეგობარი ჰყავდა, მაგრამ მათ არასოდეს შეხვედრია.
ნ.ჯ.-მ შარშან სწორედ ამ დროს მოიკლა თავი...
ეჭვი იმან გააჩინა, რომ გოგონას "ფეისბუკის" გვერდზე ედო იმ მოზარდის ფოტო, რომელმაც შარშან მოიკლა თავი... კლასის დამრიგებლის თქმით, იმ დღეს ბავშვი აფორიაქებული იყო, გაკვეთილზე მერხს სწევდა და ძირს აგდებდა, ეს საქციელი მისგან უჩვეულო იყო, ამიტომ შენიშვნა მისცა.
როგორც შევიტყვეთ, მოზარდს მთავარ ფოტოდ თანატოლის, 14 წლის ნ.ჯ.-ს ფოტო ჰქონია გამოქვეყნებული. გოგონამ შარშან სწორედ ამ დროს მოიკლა თავი. თავისი "ფეისბუკის" გვერდზეც გამოფინა ფოტო, რომელიც, სავარაუდოდ, სახურავზეა გადაღებული. გოგონას თმა ჩამოშლილი აქვს, ხელები კი გაშლილი... ვაკეში, თავისი საცხოვრებელი სახლის მეშვიდე სართულზე ავიდა და... გადახტა. მაშინ უამრავმა ბავშვმა გოგონას ეს ფოტო გააზიარა და მთავარ ფოტოდ გამოაქვეყნა. ბევრი წერდა, რომ მან გმირობა ჩაიდინა... მართალია, ეს საქმე ჯერაც ბურუსით მოცულია, მაგრამ არსებობს მყარი ვარაუდი, რომ გოგონა "ლურჯი ვეშაპის" პირველი მსხვერპლი იყო საქართველოში.
როგორც შევიტყვეთ, ამ ტრაგედიიდან ცოტა ხანში კიდევ ერთმა გოგონამ სცადა თვითმკვლელობა. მან ნ.ჯ.-ს ფოტოს მიაწერა: "შენთან მინდა, მალე შენთან ვიქნები, ასე არ შემიძლია" და აბები დალია... საბედნიეროდ, გოგონა გადაარჩინეს, მაგრამ მდგომარეობიდან გამოსული თურმე სულ იმეორებდა, მე ნ.ჯ.-ს შევპირდი და მალე მასთან წავალო.
ამ ამბებიდან ერთი წელი გავიდა... ნ.ჯ.-ს საქმეზე მეტი დეტალის გარკვევა ვცადეთ. ბინაში მდგმურები დაგვხვდნენ. მეზობლებისგან შევიტყვეთ, რომ გოგონას დედა, სავარაუდოდ, საზღვარგარეთ წავიდა.
"40 დღე გაატარა ამ სახლში, სულ ამბობდა, აქ ვეღარ ვიცხოვრებო და კარგა ხანია აღარ გამოჩენილა. გოგონას ბებია შვეიცარიაში ცხოვრობს და, ალბათ, მასთან ჩავიდა. მარტოხელა დედა იყო. დღემდე ბურუსით მოცულია ეს ამბავი. ამბობენ, რომ გოგონა რაღაც თამაშს თამაშობდა".
ჩვენ დავუკავშირდით იმ სკოლას, სადაც ნ.ჯ. სწავლობდა.
"ცელქი, თავისებური ბავშვი იყო, ზოგჯერ აგრესიულიც, ყველასთან საერთო ენის გამონახვას ვერ ახერხებდა და თავისი უცნაური ქცევებით თითქოს თავის დამკვიდრებას ცდილობდა. თამამი და თავისუფალი ბავშვი იყო, იმავდროულად, გულჩათხრობილიც. დედამისი ხშირად დადიოდა საზღვარგარეთ და ბავშვი მარტო რჩებოდა შინ. როგორც ვიცი, დედის მეგობრები აკითხავდნენ. ამ ტრაგედიამდეც მარტო ყოფილა, ზოგჯერ კლასელები რჩებოდნენ, წინა დღეებში წვეულებაც მოუწყვია სახლში. ყველა ამბობდა, რომ ბოლო დღეებში ძალიან აღგზნებული იყო. იმ საბედისწერო დღეს, 6 საათზე, ბავშვები კაფეში იკრიბებოდნენ და მასაც ელოდნენ. ურეკავდნენ მეგობრები და ბოლო წუთამდე ეუბნებოდა, მოვალო. დედასაც ელაპარაკა რამდენჯერმე, ტრაგედიის წინადღეს ჩამოსულა უცხოეთიდან და მერე ეს ამბავი დატრიალდა... ამ თამაშის შესახებ მაშინ არაფერი ვიცოდით. გოგონა სულ რაღაცებს ხატავდა... იმ დღეებში ტუჩი ჰქონდა გაჭრილი. ვკითხე, რა მოგივიდა-მეთქი? კარტოფილს ვთლიდი და დანა მოვირტყიო, მომატყუა. ვუთხარი კიდეც, როდის იყო, ტუჩს ასე იჭრიდნენ-მეთქი, მაგრამ მეტი არაფერი მითხრა. მერე ითქვა, რაღაც სექტები მოქმედებს და თვითდაზიანებებს იყენებენ ბავშვებიო, მაგრამ რეალურად ვერაფერს მივაკვლიეთ... მეშვიდე სართულის ღია სადარბაზოდან გადმოხტა. თურმე იმ დღეს ბოლო გაკვეთილზე ბავშვებისთვის უთქვამს, რომ მოვკვდები, ხომ მოხვალთ ჩემთანო? ეს ხუმრობა ეგონათ, ასეთი ლაპარაკი იცოდა", - ამბობს გოგონას პედაგოგი.
მორიგი მსხვერპლი ბიჭი უნდა იყოს?!
ამ დღეებში გავრცელდა კიდევ ერთი შემაშფოთებელი ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ რაიონში გოგონამ თავი მოიკლა, ამბობენ, რომ ესეც ამ სქემის გაგრძელებაა. როგორც გვითხრეს, ერთმა მოზარდმა დაკითხვისას თქვა, კიდევ 7 ახალგაზრდა აპირებს თვითმკვლელობას და მორიგი მსხვერპლი ბიჭი უნდა იყოსო. პოლიცია ამ ბავშვების გამოვლენას შეეცდება.
რასთან გვაქვს საქმე, იმედია, სამართალდამცავები დაადგენენ და იმ ადამიანსაც მიაკვლევენ, ვინც საშიშ თამაშში ითრევს არასრულწლოვნებს. მოზარდები ამბობენ, რომ ბევრი მათი თანატოლი თამაშობს ამ თამაშს.
"ლურჯი ვეშაპი" უკიდურესი აგრესიის გამოვლინებაა"
სტრესის მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი გუგა სიხარულიძე: - ძირითადად, ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე ახდენენ ზეგავლენას, გარდატეხის ასაკის ბავშვებზე. აქცევენ თავიანთი გავლენის ქვეშ და მოზარდი მარიონეტივით მართვადი ხდება. ზომბირებულ ადამიანს ნებისმიერი რამე შეიძლება გააკეთებინო, თან ის ასაკია, როდესაც ძალიან ადვილია ზეგავლენის მოხდენა, ამ ასაკში ბავშვი თვითდამკვიდრებას ცდილობს. ზოგჯერ აქვთ პროტესტის გრძნობა, კონფლიქტები ოჯახში. ამ დროს მესამე პირის ჩართვამ, შესაძლოა, მოზარდი თავისი ზეგავლენის ქვეშ მოაქციოს. სწორედ ამ ასაკში ხდებიან ნარკოტიკზე, ალკოჰოლზე დამოკიდებულები...
- კომპიუტერთან გატარებული დრო უნდა შეუზღუდოს მშობელმა შვილს?
- ეს არ არის გამოსავალი. თავად ბავშვი არ უნდა იყოს დათრგუნვილი, გაღიზიანებული, მშობლის ჯიბრზე რაღაცის გაკეთების სურვილი არ უნდა ჰქონდეს. ვფიქრობ, მოზარდის ფსიქოლოგიური მართვა ერთადერთი პრევენციული გზაა. ამ თამაშში ის 50 ნაბიჯი სწორედ ადამიანის თანდათან დამორჩილებას ემსახურება. იოლი დავალებებით იწყება და შემდეგ რთულდება. რაც შეეხება მოტივს, რა ინტერესი აქვს ჯგუფს, ვინ და რატომ აკეთებს ამას, პასუხის გაცემა რთულია. ფაქტია, ეს პრობლემა არსებობს და ადამიანურ წესებს არ ექვემდებარება.- ხშირად მოზარდები კომპიუტერში ომობანასაც თამაშობენ, ესეც საშიშია მათი ფსიქიკისთვის?
- პოზიტივშიც არის ზომიერება და ნეგატივშიც. ზოგჯერ ზედმეტი მოფერება და მზრუნველობაც დამაზიანებელია. ზედმეტად შეზღუდვაც არ შეიძლება, რადგან მეტი ინტერესი უჩნდება ბავშვს. მას უნდა ჰქონდეს საშუალება, კომპიუტერში ითამაშოს, მაგრამ ზომიერების ფარგლებში.უბრალოდ არაფერი ხდება, ეს ფსიქოლოგიური პრობლემაა და მიზეზს სჭირდება შველა. მხოლოდ თამაშების შეზღუდვით არაფერი გამოვა, რადგან შინაგანი აგრესია სხვაგან გამოვლინდება. როდესაც ადამიანს ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს, აუცილებლად ხდება რაღაცაზე დამოკიდებული, ან ვიღაცის მსხვერპლი, სხვისი ძალისხმევით თუ საკუთარი სურვილით. "ლურჯი ვეშაპი" უკიდურესი აგრესიის გამოვლინებაა, რადგან სუიციდი უმძიმესია და ამ ნაბიჯის გადადგმა არ არის ადვილი.
- ალბათ, ვინც ამ დავალებებს იძლევა, მათაც აქვთ პრობლემები?
- რა მიზანი ამოძრავებთ, ვერ გეტყვით. მთავარია, მშობლები ახლოს იყვნენ შვილებთან. თუ თავად ვერაფერს გახდებიან, უნდა მიმართონ სპეციალისტს, რომელიც ამ კრიზისის დაძლევაში დაეხმარება."კლასიკურმა კრიმინალმა ტექნოლოგიური ელფერი შეიძინა და ქუჩამ ინტერნეტში გადაინაცვლა"
ლაშა პატარაია, უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის დირექტორი, ინსტრუქტორი კიბერუსაფრთხოების საკითხებში: - ინტერნეტი სავსეა საფრთხეებით, უბრალოდ, ახლა საუბარია ქეისზე, რომელშიც არ გაუმართლათ ავტორებს და ზედმეტი ყურადღება მიიქციეს. რეალურად, საფრთხე ბევრად დიდია. შეიძლება ეს არ იყოს თამაში, მაგრამ იყოს ფსიქოლოგიური ზეგავლენა სხვა ფორმით. რუსეთის კიბერსივრცეში ბევრი არალეგალური ორგანიზაცია მოქმედებს - კიბერდანაშაული თუ ანალოგიური ავადმყოფური თამაშები იქ მრავლადაა. ჩვენ მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს! რთულია, წესის ჩამოყალიბება, მთავარია, მშობელმა ცნობიერება აიმაღლოს. როცა აიპედებს, აიფონებსა და ამ ლამაზ სათამაშოებს ყიდულობენ შვილებისთვის, უნდა იცოდნენ, რომ მას გვერდითი მოვლენები აქვს და ეს შეიძლება ფატალურიც იყოს. ბავშვის ფსიქიკაც იცვლება - თავიანთ თავში იკეტებიან... ხშირად მშობელი შვილს აფრთხილებს, რომ უცხოს არ დაელაპარაკოს, მანქანაში არ ჩაუჯდეს, მაგრამ ამას ვერ ხედავენ ინტერნეტსივრცეში და ჰგონიათ, არაფერია საშიში, რადგან ვირტუალურია. აჯობებს, ბავშვს შევთავაზოთ ალტერნატიული აქტივობები, მიიღოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია და რაც მთავარია, მშობელმა უნდა გააკონტროლოს, რას აკეთებს კომპიუტერში მისი შვილი.
წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 5 ივნისის ნომერში
ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად