29 მაისს შარტავას ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას ორი პირი - რობერტ ჟორჟოლიანი და ბერდია ჯაფარიძე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ისინი ბიზნესმენს სიცოცხლის მოსპობის მუქარით 200.000 აშშ დოლარს სძალავდნენ...
სამართალდამცველებმა ბრალდებულები მანამდე დააკავეს, ვიდრე ბიზნესმენი მათ მოთხოვნილ თანხას გადასცემდა.
პირი, რომელსაც ფულს სძალავდნენ, ნავთობპროდუქტებით ვაჭრობის საქმეშია ჩართული და ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ქსელის მფლობელია, გამომძალველები კი იტალიური კომპრესორების იმპორტიორ კომპანიაში მუშაობდნენ, ვისგანაც ბიზნესმენმა, თავის დროზე, ტექნიკა შეიძინა. დროთა განმავლობაში მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა, იყო ფიზიკური შეურაცხყოფა, წილების გადაფორმების მოთხოვნა, სიცოცხლის ხელყოფის მუქარა და ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებით დაშინების მცდელობა.
ჩვენ დავუკავშირდით ბიზნესმენს, რომელმაც მოსალოდნელი საფრთხის გამო ვინაობის დამალვა გვთხოვა, თუმცა დაწვრილებით მოგვიყვა ამბავს.
ა.ლ. ბიზნესმენი: - მაქვს გაზგასამართი სადგურები და 20 წელია, ამ ბიზნესში ვარ. 2007 წელს გაზგასამართ სადგურს ვაშენებდი და გაზის კომპრესორი დამჭირდა. მივაგენი იტალიური დანადგარების ფირმა "საფე სერვისს". მისმა ერთ-ერთმა მეწილემ, კობა ფანგანმა, თავის პარტნიორთან, თამარა ფილიპოვასთან დამაკავშირა, რომელსაც იტალიელი მეუღლე ჰყავდა. ტექნიკური საკითხები მოვაგვარეთ, ფასზე შევთანხმდით და კომპრესორში 232.400 ევრო გადავიხადე. ჩამოსული კომპრესორი"გაუმართავი აღმოჩნდა, მაგრამ შევეგუეთ, რადგან ზოგჯერ ასეც ხდება... იმპორტიორებისთვის არაფერი მითქვამს, მით უმეტეს, რომ გრძნობდნენ თავიანთ დანაშაულს. 2012 წელს სხვა გაზგასამართიც შევიძინე, რისთვისაც მეორე კომპრესორი დამჭირდა. ვინაიდან სრული თანხა არ მქონდა, მათი ტექნიკური სამსახურის უფროსმა შემომთავაზა, თამარა ფილიპოვას დაველაპარაკები და იქნებ კომპრესორი "პოსლეზე" მოგცესო. ის კომპრესორი უფრო იაფფასიანი იყო, თანაც ფირმის მეპატრონეები ჩემ წინაშე ვალდებულებას გრძნობდნენ და უარი არ უთქვამთ.
ამასობაში მათ "საფე სერვისი" დაკარგეს, რადგან "გალფთან" მოუვიდათ უთანხმოება -
ითაღლითეს, "გალფმა" კი არ აპატია, წარმომადგენლობა წაართვეს იტალიაში და თავად წამოიწყეს ეს საქმიანობა. ამის შემდეგ ფანგანი და მისი მოწილეები არგენტინული ტექნიკის იმპორტზე გადავიდნენ, ფირმას სახელი გადაარქვეს და ის "ასპრო გრაფი" გახდა. შეთანხმებისამებრ, კომპრესორში წინასწარ გადავიხადე 50.000 ევრო, მომცეს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც დარჩენილი 118 ათასი ევრო გრაფიკით უნდა გადამეხადა. თანხა სრულად დავფარე, ქვითრებიც მაქვს და არც მათ ჰქონიათ პრეტენზია. ის კი არა, კომპრესორი საფასურზე ძვირი დამიჯდა. მათთან სხვა ვალდებულება არ მქონია... ფანგანი დროდადრო რაღაც საკითხებში დახმარებას მთხოვდა, მეც ვეხმარებოდი.
ჩვენ მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა გვქონდა. 2013 წლიდან""ძველი ბიჭი" კობა ფანგანი ამიხირდა, მერე პრეტენზია წამომიყენა, ჩემს მეწილე ფილიპოვასთან "პოსლეზე" რატომ მიხვედიო (მათ ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ), ამფსონებთან - რობერტ ჟორჟოლიანსა და ბერდია ჯაფარიძესთან ერთად მაკითხავდა და საქმეს მირჩევდა. ფანგანმა ჩემს ბიზნესშიც მოინდომა შემოღწევა. მეუბნებოდა, მეწილეებთან პრობლემები მაქვს და რა ჭკვიანი ხარ, მარტოს რომ გაქვს ბიზნესიო (არა მარტო თბილისში, გორშიც მაქვს გაზგასამართი სადგურები, სადაც 100-მდე ადამიანი მყავს დასაქმებული, მაქვს სხვა საქმეც).
პარტნიორობაზე უარი რომ ვუთხარი და სარგებელი ვერ ნახა, 2017 წლის 10 აპრილს ჩემთან ოფისში მოვიდნენ ფანგანი, ჟორჟოლიანი და ჯაფარიძე. ჩვენი საუბარი კამათში გადაიზარდა. ფანგანი მეკითხება: "ქურდებს პატივს სცემ?" და მიხსენა ორი კანონიერი ქურდი, მერე დანა კისერსა და ხელზე დამისვა, 115-კილოიანი კაცი მაგიდაზე ახტა - ჩემთვის სახის დასერვა უნდოდა, მაგრამ დავუსხლტი. მე და ჩემს დიაბეტიან ძმას სამივე ფიზიკურად გაგვისწორდა, ფანგანმა დანით დაჭრა რბილი ავეჯი, ცეცხლსასროლი იარაღიც ჰქონდათ, თუმცა არ ამოუღიათ. ფანგანი თავდაპირველად 400 ათას დოლარს მთხოვდა, მერე - 200 ათასს და ჩემი ბიზნესის 25%-იანი წილის მისთვის"სანდო კაცზე გადაფორმებას. გამომიცხადა, ქურდები საქმის კურსში არიან, სტამბოლში წავიდეთ, იქ დავილაპარაკოთო.
იმავე დღეს, 10 აპრილს, წავედი შსს-ში. საქმიანი კაცი ვარ და ვერც გარჩევებში ჩავერთვებოდი, ვერც იარაღს ავიღებდი და ვერავის ვესროდი, ამიტომაც მივანდე ეს საქმე სათანადო ორგანოებს. აღდგომის შემდეგ კვლავ შემხვდა კობა ფანგანი და თავისი მოთხოვნის შესრულებას მაიძულებდა - ფულს მძალავდა, მემუქრებოდა, სახლთან ხალხს გამოგიგზავნი და დაგჭრიანო. მისმა ამფსონებმა ბოლოს 29 მაისს დამირეკეს და კაფეში დავთქვით შეხვედრა. მთავაზობდნენ, ქურდებთან ერთად დავმსხდარიყავით, გველაპარაკა, ანუ მათ უნდა გავესამართლებინე. მისი არაფერი მმართებდა და რატომ ვიყავი ვალდებული, ფული მეხადა ან წილი გამეფორმებინა?
წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 5 ივნისის ნომერში
ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად