ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან მსოფლიოს 41 ქვეყანაში ექსპორტირებულია 24,75 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 64%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების 2017 წლის 5 თვის ექსპორტის მონაცემებს აქვეყნებს.
საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 55,52 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 58%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.
„მიმდინარე წლის იანვარ-მაისის მდგომარეობით, ღვინის ექსპორტი 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 64%-ით გაიზრდა. ასევე გაზრდილია ღვინის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები და საექსპორტო ქვეყნების გეოგრაფიაც, რაც მიიღწევა ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მეღვინეობის დარგის შეთანხმებული ღონისძიებებითა და სწორად დაგეგმილი მარკეტინგული სტრატეგიის საფუძველზე. ექსპორტის მატება დაფიქსირდა ევროკავშირის ქვეყნების, ჩინეთის, აშშ-ს და აგრეთვე ტრადიციული ბაზრების მიმართულებით“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა.
სამინისტროს ინფორმაციით, ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი - 160% (3234144), პოლონეთი - 17% (978360), აშშ - 54% (148470), ბელორუსი - 59% (416962), უკრაინა - 28% (2364112), რუსეთი - 96% (14820976), გერმანია - 18% (167 296), ლატვია - 17% (547 946), საფრანგეთი - 500% (89986), ისრაელი - 253% (92310), აზერბაიჯანი - 202% (77202) და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი - 14 820 976, ჩინეთი - 3 234 144, უკრაინა - 2 364 112, ყაზახეთი - 1 048 195 და პოლონეთი - 978 360 ბოთლი.
ამასთან, მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 5 521 594 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 66%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 13,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 73%-ს აღწევს.
საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 73 586 ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 95% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 205,2 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით 47%-ს მიაღწია.
მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 100,8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს - ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 64% შეადგინა.