ბაჰრეინმა, საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს

ბაჰრეინმა, საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს.

ბაჰრეინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულია ყატარის მიერ განხორციელებული ქმედებების გამო, რაც მიმართულია ბაჰრეინის უსაფრთხოების დესტაბილიზაციაზე, შიდა საქმეებში ჩარევაზე, ტერორიზმის მხარდაჭერაზე და ირანთან დაკავშირებული დაჯგუფებების დაფინანსებაზე, რომლის მიზანი ბაჰრეინში ქაოსის შექმნაა.

ბაჰრეინის საგარე საქმეთა სამინისტროში ასევე აღნიშნეს, რომ საზღვაო და საჰაერო მიმოსვლა ყატართან დაიხურება, ხოლო ყატარის დიპლომატებმა ბაჰრეინის ტერიტორია 48 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ. ასევე ბაჰრეინი ყატარის ყველა მოქალაქემ უნდა დატოვოს და ამისთვის მათ 14 დღე ეძლევათ.

საუდის არაბეთმა თავისი გადაწყვეტილება უსაფრთხოების უზრუნველყოფით განმარტა.

„საუდის არაბეთის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობები ყატართან ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“, - ნათქვამია საუდის არაბეთის საგარეო უწყების კომუნიკეში.

ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აღნიშნეს, რომ ყატართან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა მიიღეს იმ ფაქტის გამო, რომ ყატარი ხელს უწყობს „ალ ქაიდასა“ და „ისლამური სახელმწიფოს“ იდეოლოგიის გავრცელებას, სინას ნახევარკუნძულზე ტერორიზმის მხარდაჭერას და ეგვიპტის შიდა საქმეებში ჩარევას.