გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, რამდენიმე აქცია გაიმართა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის პირველი მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გალავანში, მცირე საოჯახო ტიპის სახლს სტუმრობდა, სადაც მზრუნველობამოკლებულ ბავშვებთან ერთად, დარგვის აქციაში მიიღო მონაწილეობა. ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე 40 -მდე ტუიას, თელასა და კაკლის სახეობის ნერგები დაირგო.
ასევე, „სუფთად ევროპისკენ“ კამპანიის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობამ მიიღო.
”1972 წლის 15 დეკემბერს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაერო-ს კონფერენცია, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა.
გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით "გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამა"(UNEP) ყოველი წლის 5 ივნისს უძღვნის გარემოსდაცვით ერთ-ერთ პრობლემას. წლევანდელი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის თემაა ადამიანის კავშირი ბუნებასთან”, - ნათქვამია ინფორმაციაში.