ეროვნულმა ბანკმა დარღვევების გამო ვალუტის გადამცვლელ 28 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის გამო, თბილისში არსებულ 28 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა.

როგორც ეროვნული ბანკიდან იუწყებიან, აღნიშნული პუნქტების საქმიანობა ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობდა, როგორებიცაა იდენტიფიკაცია-ვერიფიკაციის პროცესების არაჯეროვნად განხორციელება, შიდა კონტროლის სისტემის არარსებობა და სხვა.

”გარდა მითითებული გარემოებებისა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობა ხშირად ხდებოდა მომხმარებელთა უკმაყოფილების მიზეზი. კერძოდ, სავალუტო პუნქტების მიერ არ ხდებოდა მომხმარებელთათვის ინფორმაციის მიწოდება გაცვლით კურსებთან დაკავშირებით. ამავე დროს, ხორციელდებოდა ტრანზაქციის საკომისიო გადასახადით დაბეგვრა ან/და გარიგების საყურადღებო კურსით განხორციელება, მომხმარებლის წინასწარი ინფორმირების გარეშე.

მართალია, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა არ კრძალავს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ნაღდი ფულით ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისათვის საკომისიო გადასახადის დაწესებას და საყურადღებო კურსით ტრანზაქციების განხორციელებას, თუმცა ასეთ შემთხვევებში, "ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის" თანახმად, პუნქტი ვალდებულია, აღნიშნულთან დაკავშირებით სათანადო ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელს.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც, პერიოდულად განახორციელებს ინსპექტირებას და მიიღებს შესაბამის ზომებს მომხმარებლის უფლებების დასაცავად და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

ამასთან, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მომხმარებლებს, რომ ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და ტრანზაქციის შესრულებამდე გადაამოწმონ გაცვლით კურსთან და მომსახურების საკომისიო გადასახადთან დაკავშირებული ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - 2 406 406 ან მოგვწეროთ - cp@nbg.gov.ge”, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.