15 ივნისამდე სამედიცინო დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მათ მიერ მიწოდებული სერვისების სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამებით დაფარვის შესახებ ინფორმაცია პაციენტებისთვის თვალსაჩინო ადგილზე იყოს განთავსებული.
შესაბამისი ცვლილება „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონალური დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ დადგენილებაში შევიდა.
„სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტებისათვის თვალსაჩინო ადგილას განთავსებული ან ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინფორმაცია ამ დაწესებულების მიერ მიწოდებული სერვისების სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამებით დაფარვის შესახებ. ამასთან, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამასთან“ დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის შინაარსი და ფორმატი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით. აღნიშნულ მოთხოვნებთან შესაბამისობა სტაციონარული დაწესებულებების ნებართვის მქონე სუბიექტებმა 2017 წლის 15 ივნისამდე უნდა უზრუნველყონ,“- ნათქვამია დადგენილებაში.