არაბულმა და ეგვიპტურმა ავიაკომპანიებმა ყატარის მიმართულებით ფრენები შეწყვიტეს

არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია Emirates-მა და ეგვიპტურმა Egyptair-მა ყატარის მიმართულებით ავიარეისები შეწყვიტეს.

როგორც Emirates-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ყველა მგზავრს, რომელიც აპირებდა დოჰაში ჩაფრენას ან პირიქით, შესთავაზებენ მგზავრობის ალტერნატიულ გზას ან სრულიად აუნაზღაურებენ ხარჯებს. აღსანიშნავია, რომ Emirates ყოველდღე ახორციელებდა ფრენებს დუბაისა და დოჰას შორის.

თავის მხრივ, საუდის არაბეთის მიმართულებით ფრენები გააუქმა „ყატარის ავიახაზებმაც“.

გარდა ამისა, ყატართან ფრენები გაწყვიტა აბუ-დაბის ავიაკომპანია Abu Dhabi's Etihad Airways-მა.

ბაჰრეინმა, საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს.

ბაჰრეინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულია ყატარის მიერ განხორციელებული ქმედებების გამო, რაც მიმართულია ბაჰრეინის უსაფრთხოების დესტაბილიზაციაზე, შიდა საქმეებში ჩარევაზე, ტერორიზმის მხარდაჭერაზე და ირანთან დაკავშირებული დაჯგუფებების დაფინანსებაზე, რომლის მიზანი ბაჰრეინში ქაოსის შექმნაა.

ბაჰრეინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე აღნიშნეს, რომ საზღვაო და საჰაერო მიმოსვლა ყატართან დაიხურება, ხოლო ყატარის დიპლომატებმა ბაჰრეინის ტერიტორია 48 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ. ასევე ბაჰრეინი ყატარის ყველა მოქალაქემ უნდა დატოვოს და ამისთვის მათ 14 დღე ეძლევათ.