კომერციულ ბანკებს შესაძლოა ლიზინგის განხორციელების უფლებაც ჰქონდეთ

პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც კომერციული ბანკების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებს გულისხმობს. პროექტის ავტორი ეროვნული ბანკი, ინიციატორი კი მთავრობაა.

კანონპროექტის თანახმად, კომერციულ ბანკებს ლიზინგის განხორციელების უფლება ეძლევათ. ამასთან, როგორც პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ბანკებს საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობის გარეშე იჯარის ხელშეკრულებების გაფორმება ეზღუდებათ.

„ქონების იჯარით გაცემა დასაშვებია მხოლოდ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში დასაკუთრებული უძრავი ქონების მართვის მიზნით. კომერციულ ბანკს ეკრძალება უძრავი ქონების შეძენა იჯარის განხორციელების მიზნით. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ქონების იჯარით გაცემის დამატებითი კრიტერიუმები,“- ნათქვამია კანონპროექტში.