გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 47%-იანი ზრდაა დაფიქსირებული

მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის უკვე 47%-იანი ზრდა არის დაფიქსირებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ახალი რეისის, თბილისი-ლონდონი-თბილისის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა ახალი ავიამიმართულების დამატების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის, ტურიზმის განვითარებისა და ქართველი ახალგაზრდებისთვის უმნიშვნელოვანესი, რომ მათ შეეძლებათ კომფორტულად გაემგზავრონ ლონდონში.

”დღეს ძალიან დიდი დღეა. ჩვენ ყველანი დიდი ხნის განმავლობაში ველოდებოდით, როდის იქნებოდა პირდაპირი რეისი ისეთ მნიშვნელოვან ქალაქთან, როგორიც არის ლონდონი. ამ დღეს აქვს მრავალმხრივი მნიშვნელობა. მოგეხსენებათ რამდენიმე წლის წინ შეწყდა პირდაპირი ავიაკავშირი საქართველოსა და ბრიტანეთს შორის და ვფიქრობთ, ეს არის უმნიშვნელოვანესი, რომ დღეს ქართული ავიაკომპანია, საქართველოს ავიახაზები იწყებს ფრენას ესოდენ მნიშვნელოვანი მიმართულებით. ლონდონი გახლავთ უმნიშვნელოვანესი ქალაქი. ეს არის საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის, საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის, ქართველი ახალგაზრდებისთვის უმნიშვნელოვანესი, რომ მათ შეეძლებათ კომფორტულად გაემგზავრონ ლონდონში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანელ ტურისტებს, ასევე ტრანზიტით საქართველოში ჩამოსვლის მსურველებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სხვა ქვეყნებიდან, შეეძლებათ საქართველოში ჩამობრძანდნენ ლონდონის გავლით”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველოს მიმართულებით პირდაპირი მიმოსვლის საშუალებები უფრო და უფრო ფართოვდება. პრემიერის განცხადებით, შარშან საქართველოდან ევროპის მხოლოდ 7 ქვეყანაში იყო პირდაპირი ავიამიმოსვლა შესაძლებელი, წელს კი უკვე 13 ქვეყანასთნ არის პირდაპირი ავიამიმოსვლა 21 მიმართულებით.

”წელს 5 თვის მონაცემებით საქართველოს აეროპორტებში უკვე 47%-იანი ზრდა არის დაფიქსირებული მგზავრთა ნაკადის. 2017 წლის ბოლოს დაგეგმილია, რომ იქნება გაცილებით უფრო მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე 2016 წლის 3 მილიონიანი მაჩვენებელი გახლდათ. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურა სულ უფრო და უფრო უმჯობესდება, რათა მიიღოს გაცილებით მეტი ტურისტი, ვიდრე ეს იყო შარშან. ეს ეხება არა მხოლოდ აეროპორტს, უმჯობესდება საგზაო ინფრასტრუქტურა, სასტუმრობების ინფრასტრუქტურა და არაერთი ტურისტული მიმართულება ვითარდება საქართველოში”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ავიახაზებს და იმედი გამოთქვა, რომ ტურისტული სეზონის დასრულებისთანავე რეისები არ შეწყდება. ”მე ძლიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს კომპანია კიდევ იტყვის თავის ხმამაღალ სიტყვას საქართველოს ტურიზმის განვითარების საქმეში და საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სურთ უცხოეთის მონახულება. დღეს უკვე ვიზალიბერალიზაციის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს ეძლევათ უნიკალური საშუალება, რომ დამღლელი პროცედურების გარეშე გაემგზავრონ ევროკავშირის ქვეყნებში. ბრიტანეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის აღარ იყოს ევროკავშირში, მაგრამ ბრიტანეთი ჩვენთვის, საქართველოსთვის რჩება უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად. ლონდონი არის მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი საფინანსო ცენტრი და გლობალური ეკონომიკის მართვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი, ამიტომ კიდევ ერთხელ გილოცავთ დღვანდელ დღეს”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

„ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისი-ლონდონი-თბილისის მიმართულების პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას პრემიერთან ერთად დაესწრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ასევე ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი-სმიტი.

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ლონდონის მიმართულებით ფრენებს კვირაში 2-ჯერ განახორციელებს. ორი მიმართულებით ავიაბილეთების ფასი 280$-დან დაიწყება.