დედოლარიზაციიდან - ლარიზაციამდე

ეკონომიკის ექსპერტი დავით ასლანიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ლარიზაცია-დედოლარიზაციის შესახებ წერს.

"ბიზნესპრესნიუსი" დავით ასლანიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"2016 წლის მიწურულს საქართველოს მთავრობის ინციატივით ეკონომიკასა და საფინანსო ბაზარზე გამოცხადებულ და დანერგილ იქნა რიგი ინიციატივა. ამ ღონისძიებათა მიზანი იყო და არის საგარეო შოკების ზეგავლენის შემცირება და ადგილობრივი ბაზრის ეკონომიკური სტიმულირება. აგრეთვე, რიგი ადგილობრივი მწვავე დისპროპორციის შერბილება, რომელიც აწუხებს ბევრ ჩვენს მოქალაქეს.

ამჟამად, განვიხილავთ მხოლოდ ერთ ასპექტს, რომლის ცხოვრებაში გატარება დაევალა საქართველოს ეროვნულ ბანკს და დასაწყისში მას საერთაშორისო შესატყვისი - დედოლარიზაცია დაერქვა, ხოლო საზოგადოებაში გარკვეული დისონანსისა და უკმაყოფილების შემდეგ საქართველოში უფრო დამკვიდრდა მისი მეორე სახელწოდება - ლარიზაცია.

უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ღონისძიების (დედოლარიზაცია - ლარიზაცია) გატარება არ არის ქართული სიახლე და ის მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა დროსა და ისტორიულ პერიოდში ჩატარდა და ტარდება. ამ მხრივ შევეცდებით მიმოვიხილოთ ეს საერთაშორისო გამოცდილება და ის მიზანი, რომელიც ახლავს საფინანსო ბაზარზე ამ პროგრამას.

რა არის ლარიზაციის ანუ საერთაშორისო ტერინოლოგიით დედოლარიზაციის მიზანი? - საფინანსო დარგში (კომერციულ ბანკებში პირველ რიგში) უცხოური ვალუტით მოზიდული რესურსის ხვედრითი წილის შემცირება და ადგილობრივი ვალუტით მოზიდული რესურსის წილის ზრდა.

ანუ მარტივად - ლარში დეპოზიტების ხვედრითი წილის ზრდა, ლარში სესხების გაცემა და ლარის, როგორც სრულფასოვანი ვალუტის ფუნქციის განმტკიცება (ოპტიმალური მიზანია ყველა ოპერაციის ლარში განხორციელება, ლარის, როგორც ღირებულების საზომის განმტკიცება და ლარის, როგორც დაგროვების საშუალების გამოყენება).

ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციათა (სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და სხვა), ცნობილ მეცნიერთა კვლევათა და ანალიტიკურ გამოცემების ანალიზით და პრობლემის არსის შესწავლის შედეგად ვადგენთ, რომ 1980 – 2010 წწ განმავლობაში დედოლარიზაციას (ანუ საფინანსო სექტორში უცხოური გლობალური ვალუტის ხვედრითი წილის შემცირება და ადგილობრივი ვალუტის ხვედრითი წილის ზრდა) 100 მდე სახელმწიფომ მიმართა.

სამწუხაროდ, მათი კვლევის თანახმად წარმატებული დედოლარიზაცია უფრო გამონაკლისია, ვიდრე ნორმა და მხოლოდ ოთხი შემთხვევა აღმოჩნდა წარმატებული.

წარმატებული მაგალითებია - ისრაელი, მექსიკა, პაკისტანი და პოლონეთი.

წარმატებული ოთხეულიდან ყველაზე ახლოს საქართველოს სინამდვილესთან და რეალობასთან პოლონეთი მივიჩნიეთ და მოკლედ გაგაცნობთ მის საწყისს მდგომარეობას და არსებულ რეალობას.

დედოლარიზაციის ღონისძიების გატარებამდე პოლონეთმა საქართველოს მსგავსად გადაიტანა არასტაბილური 80 და 90 იანები წლები, დიდი ფისკალური დეფიციტი და ჰიპერინფლაცია, რის შედეგად პოლონეთის მოსახლეობამ დაკარგა რა ნდობა პოლონური ვალუტის - ზლოტის მიმართ - ყველა ანგარიშსწორებას და დაგროვებას მხოლოდ დოლარსა ან ევროში ახორციელებდა. დოლარიზაციამ 80% აღწევდა.

სამთავრობო პოლიტიკისა და განსაკუთრებით პოლონეთის ცენტრალური ბანკის ეფექტიანი და ქმედითი ღონისძიებების შედეგად ეს მაჩვენებელი თითქმის განახევრდა და ამჟამად პოლონეთის ზლოტი კონვერტირებული, მყარი და საიმედო ვალუტაა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მრავალმილიარდიანი უწყვეტი ნაკადით მიედინება პოლონეთის მიმართულებით, რისი შედეგია პოლონეთის 1995 – 2016 წწ მაღალი ეკონომიკური ზრდა და მოსახლეობის კეთილდღეობის თვალშისაცემი გაუმჯობესება.

რამ შეუწყო ხელი წარმატებულ დედოლარიზაციას პოლონეთში და ისრაელში ? (ანუ რა შეუწყობს ხელს, რომ ლარიზაციის პროგრამაც იყოს წარმატებული?):

1. ინფლაციის მოთოკვის პროგრამა - ფულის ემისიის შეწყვეტა, ყოველგვარი ირიბი ემისიის (მათ შორის ე.წ. რეფინანსირების პირამიდის აკრძალვა), რაც საწყისს ეტაპზე ადგილობრივი ვალუტის სესხების გაძვირებას და დეპოზიტებზე დარიცხული სარგებლის ზრდაში გამოიხატება;

2. პოლონეთის მაგალითზე წარმოჩინდა, რომ წარმატებას ხელი შეუწყო პოლონური ბანკების ძირითადში შიდა ბაზარზე ორიენტირებამ - ანუ ისინი გახდნენ ნაკლებად დამოკიდებული და ნაწილობრივ იზოლირებულიც კი უცხოური საფინანსო ბაზრებისგან;

3. პოლონურ კომერციულ საბანკო სისტემაში განცალკევებულია საბანკო და არასაბანკო სერვისი - ანუ კომერციული ბანკები და მათთან აფილირებული სტრუქტურები არ არიან ფართოდ ჩაბმული არაპროფილურ საქმიანობაში;

4. სისტემის კრედიტუნარიანობა გაძლიერებულ იქნა უცხოელი აქციონერების გრძელვადიანი ვალდებულებით, რომლებიც პოლონეთში ინვესტიციებს სტრატეგიულად მიიჩნევენ და განაგრძობენ ცოდნის გაზიარებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და საბანკო პროდუქტთა დივერსიფიკაციას.

როგორც ვხედავთ, ჯერ ჯერობით სამწუხაროდ ჩვენთან რეალობა სრულიად სხვაგვარია, რაც ლარიზაციის პროგრამის წარმატებას ეჭვქვეშ აყენებს.

ლარიზაციის გზაზე საქართველოს წინაშე დგას დამატებითი პრობლემები:

1. მაღალი საგარეო ვალი;

2. სუსტი ექსპორტი და მძლავრი იმპორტი;

3. არასტაბილური შიდა და უცხოური ინვესტიციების შემოდინების არხები

სავალუტო ფონდის ექსპერტთა შეფასებით საგარეო ვალის სიდიდე მშპ-თან მიმართებით პირდაპირ გავლენას ახდენს დედოლარიზაციის წარმატებაზე.

2008 და 2009 წწ სავალუტო ფონდი კვლევის თანახმად ფისკალური პოლიტიკა და დედოლარიზაციის წარმატება მაღალია იმ განვითარებად ქვეყნებში, სადაც სახელმწიფოს ვალის ოდენობა მშპ - თან მიმართებით არ აღემატება 25 პროცენტს, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში ( პოლონეთი, ჩეხეთი, სამხრეთ კორეა და სხვა) არაუმეტეს 60-75 პროცენტისაა.

ამის მიზეზი მარტივია (რაც კვლევით აქვთ დადასტურებული) - თუ ვალის ოდენობა მაღალია - ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილი დოვლათი ხმარდება ამ ვალის და მასზე დარიცხული პროცენტის მომსახურებას და არა საკუთრივ კონკრეტული ქვეყნის (ჩვენს შემთხვევაში საქართველოს) ეკონომიკის რეალურ ზრდას.

საქართველო განეკუთვნება განვითარებად ქვეყნების კატეგორიას და სახელმწიფო ვალის მოცულობა უკვე აჭარბებს მშპ-ს 40 პროცენტს.

ამ მხრივ საჭიროა ამ მაჩვენებლის მკვეთრი შემცირება (25 პროცენტამდე მაინც), რაც შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივი შიდა ინვესტიციის წახალისებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წახალისებით და ვალის დაფარვით და საქართველოს ეკონომიკის მასშტაბის გაზრდით (მშპ-ს ზრდა - ყოველწლიური მაღალი ანუ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდა), რაც შეამცირებს წლების განმავლობაში ამ დისპროპორციას.

(აქ აღარ ვიხილავთ საქართველოს ეკონომიკაში არსებულ მზარდ დისრპოპორციას - მზარდი მომგებიანობა არამწარმოებლურ - საშუამავლო ბიზნესში და რეალური ეკონომიკის ფაქტიური რეგრესი, რაც პოლიტიკური ნების და შესაბამისი და რეალური საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე ვერ დაიძლევა),"- წერს ასლანიშვილი.