ტექნოლოგიების განვითარებამ ადამიანებს გზა გაუხსნა მრავალფეროვანი ინფორმაციისადმი.
ადგილობრივ და საერთაშორისო ამბებზე წვდომისთვის მომხმარებელს დიდი არჩევანი აქვს - გაზეთი, ტელევიზია, რადიო, ინტერნეტი, სმარტფონები.
ინტერნეტის განვითარების მიუხედავად, რადიო კვლავ რჩება მნიშვნელოვან მედია ინსტრუმენტად 21-ე საუკუნის მსოფლიოში. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რადიო ყველაზე ახლოს არის მსმენელთან, რომელიც ერთი-ერთზე რჩება მასთან. ადამიანები, რომლებიც რადიოს აქტიური მსმენელები არიან, ამტკიცებენ, რომ რადიო მათთვის ინფორმაციისა და მუსიკის წყაროსთან ერთად, მეგობარია, რომელსაც შეგიძლია ენდო.
დღესდღეობით მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 47 ათასი რადიო სადგურია. გლობალური მონიტორინგის ანგარიშის თანახმად, განვითარებად ქვეყნებში მოსახლეობის სულ მცირე 75%-ს აქვს წვდომა რადიოსთან. ამავე ანგარიშით, მსმენელი უპირატესობას ანიჭებს საინფორმაციო რადიოებს და აცხადებს, რომ უფრო მეტად ენდობა რადიოში მოსმენილ ინფორმაციას, ვიდრე სხვაგან მოსმენილს.
სპეციალისტთა განცხადებით, საინფორმაციო რადიოს მთავარი უპირატესობა მოსახლეობისთვის ინფორმაციის ოპერატიულად და მოკლედ მიწოდებაა. გარდა ამისა, საინფორმაციო რადიოს მეშვეობით მსმენელი ინფორმირებულია ფაქტობრივად მთელი დღის განმავლობაში და ხშირ შემთხვევაში, პირველი ეცნობა მიმდინარე სიახლეებს, ვიდრე ის სხვა მედიაარხებში მოხვდება.
„სტატისტას“ 2016 წლის მონაცემებით, ევროკავშირის 28 ქვეყანაში რადიოს ყოველდღიურად უსმენს მოსახლეობის 47%. ამავე მონაცემებით, გერმანიასა და ირლანდიაში მოსახლეობის 65% ყოველდღიურად უსმენს რადიოს. გერმანიას მოსდევს სლოვენია 62%-ით. პირველ ხუთეულში კი ასევე არიან ესტონეთი, ლუქსემბურგი და ავსტრია.
Pew Research Center-ის 2015 წლის მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობის 93% AM/FM რადიოს უსმენს, 85% - ტელევიზიის მაყურებელია, 74% - სმარტფონების მომხმარებელია. ყოველკვირეულად რადიოს უსმენს 66 მილიონი მილენიალი (1980-1996 წლებში დაბადებულები), რომლებიც ყოველკვირეულად 12 საათს ატარებენ რადიოს მოსმენაში.
რაც შეეხება X თაობას (1965-1979 წლებში დაბადებულები), ყოველკვირეულად 58 მილიონი უსმენს რადიოს. ამ თაობის დაახლოებით 75% დასაქმებულია და კვირაში 13,5 საათზე მეტს უთმობს რადიოს მოსმენას.
კვლევაში მონაწილე ორივე თაობის წარმომადგენელთა თქმით, დროის დიდ ნაწილს საინფორმაციო რადიოს მოსმენაში ატარებენ. მათი თქმით, რადიო საშუალებას აძლევს იყვნენ ინფორმირებული ფაქტობრივად 24 საათის განმავლობაში.
Nielsen-ის 2015 წლის კვლევის თანახმად, ამერიკის მასშტაბით 243 მილიონი ამერიკელი, მთლიანი მოსახლეობის 91% უსმენს რადიოს ყოველკვირეულად. გარდა ამისა, მთლიანი
მოსახლეობის 80% რადიოს ყოველდღე უსმენს და მათთვის საინფორმაციო რადიო ინფორმაციის მიღების მთავარი წყაროა. ამავე კვლევით, უფრო მეტი ამერიკელი უსმენს რადიოს, ვიდრე იყენებს სოციალურ ქსელს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ავტომობილების მძღოლების 75% უსმენს საინფორმაციო რადიოს მგზავრობისას, მძღოლების 64% კი ავტომობილში საკუთარ პლეილისტს ამჯობინებს.
იმის გათვალისწინებით, რომ რადიო მეტად ოპერატიულია, ვიდრე პერიოდული გამოცემები და რადიოში რეკლამა შედარებით ნაკლები ღირს, ვიდრე ტელევიზიაში, ეს არხი მიმზიდველობას ინარჩუნებს რეკლამისდამკვეთებს შორისაც. ეს უკანასკნელები აფასებენ რადიოს, როგორც შესაძლებლობას, ნაკლებ ფასად მოიცვან ზუსტი აუდიტორია. რადიოში რეკლამა ასევე პოპულარობით სარგებლობს მცირე და საშუალო ბიზნესს შორის.
სპეციალისტთა განცხადებით, ასევე გასათვალისწინებელია, რომ რადიოს აუდიტორია ტელევიზიის აუდიტორიას გარკვეულ საათებში აჭარბებს. დადგენილია, რომ რადიოს აქტიურად სმენის პიკი 9-დან 16 საათამდეა, ტელევიზიის კი 20-დან 23 საათამდე. გარდა ამისა, სპეციალისტთა თქმით, რადიოს მობილურობა მისი მთავარი განმასხვავებელია.
რადიო პოპულარობით სარგებლობს საქართველოშიც და თითქმის ყველა კატეგორიას მოიცავს, დაწყებული საინფორმაციო რადიოებით, დამთავრებული გასართობ-შემეცნებითი და სპორტული რადიოთი.
სპეციალისტთა პროგნოზით, მომდევნო წლებში რადიოს პოპულარულობა მსოფლიოს მასშტაბით კიდევ უფრო გაიზრდება როგორც მომხმარებელთა თვალსაზრით, ასევე რეკლამისდამკვეთთა კუთხით.
რადიოსთან ერთად, სხვადასხვა ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროდ რჩება ინტერნეტი, რომლის მომხმარებელთა რიცხვი მსოფლიოში სულ უფრო იზრდება. სულ რაღაც 25 წლის წინ ინტერნეტი ჯერ კიდევ არ არსებობდა, დღეს კი ინტერნეტის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. ინტერნეტი ნელ-ნელა გავრცელდა ადამიანის ცხოვრების ყველა ასპექტში - კომუნიკაციაში, მომსახურებებში, განათლებაში, ახალ ამბებში, გართობაში, ბიზნესში, მმართველობაში და სხვა.
მსოფლიო სტატისტიკის მონაცემებით, 1995 წლისთვის ინტერნეტის
მომხმარებელთა საერთო რაოდენობა, მსოფლიოს მოსახლეობის 0.4%-ს შეადგენდა, 2016 წლის მონაცემებით, მათი რაოდენობა დედამიწის მოსახლეობის 47%-ს აღწევს.
ასევე იხილეთ: კვლევის თანახმად, გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა საინფორმაციო რადიოს ანიჭებს უპირატესობას