ბევრი ადამიანის ცხოვრებაში დგება ფინანსური კრიზისი, როცა ის გამოუვალ მდგომარეობაშია და მცირე თუ დიდი თანხის სესხება უწევს.
ამ დროს მსესხებელმა ბევრ ნიუანსს უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ საბოლოოდ მისთვის არახელსაყრელ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს.
"მომხმარებელმა კარგად თუ არ გაიაზრა, რა უფლებები აქვს და ბრმად მოაწერა ხელი შეთანხმებას, შესაძლოა, ერთი მხრივ, ძალიან მაღალი პროცენტები და პირგასამტეხლო დარჩეს, მეორე მხრივ კი, შეიძლება მისი პირადი მონაცემები ისე იყოს დამუშავებული, მიმოფანტული და სხვების მიერ გამოყენებული, რომ რეალურად ძალიან ცუდ შედეგამდე მივიდეს. ეს შეიძლება იყოს შავ სიაში მოხვედრა," - განმარტავს იურისტი ეკა გორდაძე.
AMBEBI.GE იურისტ ეკა გორდაძეს საზოგადოებისთვის საინტერესო მრავალ საკითხზე ესაუბრა. გთავაზობთ იურისტის რჩევებსა და ინფორმაციას, თუ როგორ უნდა დავდოთ ფინანსური ხელშეკრულება ისე, რომ საბოლოოდ ჩვენთვის სასურველი შედეგი მივიღოთ.
ხელშეკრულება და მასში ჩამალული პუნქტები
მომხმარებლებს არ უყვართ ხელშეკრულების წაკითხვა. რეალურად ყველა შეკრულებაში გაწერილია, თუ რამდენი პროცენტის გადახდა უწევს მსესხებელს, რა სანქციები შეიძლება ამოქმედდეს დარღვევის შემთხვევაში, რამდენია პირგასამტეხლო და ჯარიმა. პრობლემების უმეტესობა სწორედ კონტრაქტის არცოდნიდან გამომდინარეობს!
გასათვალისწინებელია, რომ მნიშვნელოვანი პუნქტები პატარა შრიფტითაა ხოლმე დაწერილი ან ისეთ ადგილასაა, სადაც არ ველოდებით. ეს საბაზრო პირობებში აპრობირებული მეთოდებია და ეს შეიძლება გააკეთოს ფიზიკურმა პირმაც, რომელიც ფულს გაასესხებს.
ნებისმიერ ფინანსურ ურთიერთობას მოსამზადებელი პერიოდი უნდა ქონდეს. ამ შემთხვევაში მსესხებელსა და საკრედიტო ოფიცერს შორის დეტალური საუბარი უნდა შედგეს, თუ რა შეღავათის გაკეთებაა შესაძლებელი, მსესხებელს რა ვალდებულების შესრულება შეუძლია. განსჯის საგანი უნდა იყოს, თუ რომელ მხარეს რისი დათმობა შეუძლია და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს ხელმოწერა. შეუძლებელია მეორე მხარემ იმ პირობების შესრულება მოითხოვოს, რომელიც ხელშეკრულებაში არაა.სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ დაზუსტდეს ყველა დეტალი და ბრმად არ მოეწეროს ხელი ხელშეკრულებას.
იპოთეკური სესხები
იპოთეკური სესხი უძრავი ქონებითაა უზრუნველყოფილი და ყველაზე სავალალო მდგომარეობამდე სწორედ მას მივყავართ. ბანკები ჩადებულ უძრავ ქონებას ხშირად ყიდიან და ამის საწინააღმდეგი ბერკეტი, ფაქტობრივად, არ არსებობს.
ყველამ კარგად უნდა გავიაზოთ, რომ უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა სწორედ ამას გულისხმობს - ვალდებულებების შეუსრულებლობისას მეორე მხარე შენი უძრავი ქონების რეალიაზაციას მოახდენს. აღსრულების იძულებითი ღონისძიებების ჩართვა უკანასკნელი ეტაპია და ამის შემდეგ ვერ ავიცილებთ თავიდან ქონების აუქციონზე გატანას და რეალიზციას.
აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებგვერდზე არსებობს ელექტრონული აუქციონი (www.eauction.ge), სადაც იპოთეკით დატვირთული და დაკარგული ბინები რეალიზაციაზე გადის. ეს პროცესი გამჭვირვალეა და ყველას შეუძლია მონაწილეობა. ღიაა ინფორმაცია, თუ რა იყო ქონების საწყისი ფასი, რამდენჯერ გაიტანეს სარეალიზაციოდ. აქ გამოტანილი ქონების ფასი ხშირად რეალურ საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებია ხოლმე. ყოფილა შემთხვევები, რომ მესაკუთრეებს თავად გამოუსყიდიათ ქონება.
ონლაინ სესხები
ონლაინ სესხებთან დაკავშირებულმა სასამართლო პროცესებმა ბოლო პერიოდში ძალიან იმატა. კომპანიებს, რომლებიც ონლაინ სესხებს გასცემენ, უმეტესად კაბალური პირობები აქვთ. პროცენტი და პირგასამტეხლო ძალიან მაღალია ხოლმე. ხშირად მსესხებელს შეიძლება იმდენი თანხა არც კი ქონდეს აღებული, რამდენის დაბრუნებაც უწევს. ამიტომაც აუცილებელია, რომ მომხმარებელმა წინასწარ წაიკითხოს ელექტრონული ხელშეკრულება, რომელიც ფიზიკურის ანალოგიურია.
სასამართლოს როლი ფინანსურ დავებში
სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტის დაწევის პრაქტიკას. დეტალების შესწავლის შემდეგ რიგ შემთხვევაში სასამართლოს უთქვამს, რომ პროცენტი ან პირგასამტეხლო არის ძალიან მაღალი და სრულიად არარელევანტური რაოდენობა აღებული კრედიტის თანხასთან შედარებით და ის დაუწევია.
ვალდებულებების შემცირების ერთადერთი ბერკეტი სწორედ ესაა. სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აფასებს სიტუაციას. მნიშვნელობა აქვს რა მოცულობისაა სესხი, რამდენად გადახდისუნარიანია მსესხებელი, რა ფინანსური მდგომარეობა აქვს მას. ხშირია შემთხვევა, რომ მხარეები რიგდებიან და მორიგების აქტით განსაზღვრავენ ნაწილობრივ გადახდის სქემას, ვალდებულებების ვადაში გადანაწილებას ან სხვა პირობებს. ასეთ შემთხვევაში დავა უფრო უმტკივნეულოდ და ორივე მხარისთვის მისაღები ფორმით სრულდება.
"კრედიტ ინფო"
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და პირადი მონაცემების დაცულობა ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა. "კრედიტ ინფო" წლებია, პირადი ინფორმაციის დამმუშავებელი ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა. ის ფინანსური ორგანიზაციებიდან ინფორმაციას აგროვებს და ერთიან ბაზაში აქცევს. აქ ხვდება ინფორმაცია ვადაგადაცილების, სხვა სახის დარღვევის ან კარგი საკრედიტო ისტორიის შესახებ.
აღნიშნული ინფორმაციის "კრედიტ ინფოსთვის" გადაცემის პირობა, როგორც წესი, დევს ხოლმე ხელშეკრულებაში. თუ მოქალაქემ კონტრაქტში არ გამოხატა თანხმობა "კრედიტ ინფოსთვის" მონაცემების მიცემისა და დამუშავების შესახებ, ფინანსურ დაწესებულებას ამის გაკეთების უფლება არ აქვს. მონაცემების დამუშავება თანხმობის გარეშე მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული კონკრეტული საფუძველით არსებობს. სწორედ ამიტომ, თუ მსესხებელს არ უნდა მისი მონაცემები გარკვეულ ბაზაში მოხვდეს, თავად უნდა მიაქციოს საკითხს ყურადღება ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის დროს.
უძრავი ქონების დაგირავება
ტერმინი "ბინის დაგირავება" არ არის სამართლებრივი ფორმა. რეალურად ეს არის იპოთეკით დატვირთული სესხი. ამ დროს სესხს გავცემთ და მისი უზრუნველყოფა ხდება იპოთეკით, მაგრამ ამ უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით. თანაბარი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები მოქმედებს ორივე მხარეზე. იპოთეკური საგნის მესაკუთრე ვალდებულია დათქმულ დროში დააბრუნოს თანხა, მეორე მხარე კი ვალდებულია დაცალოს უძრავი ქონება. პირობების დარღვევის შემთხვევაში იპოთეკის საგნის რეალიზაცია ხდება. ხშირია შემთხვევები, როცა იპოთეკის საგნის რეალური საბაზრო ღირებულება ბევრად მაღალია, ვიდრე გასესხებული თანხის რაოდენობა. ამ შემთხვევაში ამონაგები თანხიდან გამსესხებელი მხოლოდ იმ მოცულობით დაკმაყოფილდბა, რაზეც არის შეთანხმება.
ნოტარიუსის როლი ფინანსურ გარიგებებში
ნოტარიუსი მონაწილეობს, როგორც გარიგების დამადასტურებელი მხარე. ის ამოწმებს და ადასტურებს გარიგების ნამდვილობას. ბოლო წლებში საქართველოს ნოვაცია იყო, რომ ნოტარიუსს მიენიჭა სააღსრულებო ფურცლის გაცემის უფლება. ანუ თუ მხარეები ნოტარიუსთან ვიზიტის დროს შეთანხმდებიან, რომ საჭიროების შემთხვევაში ნოტარიუსი იქნება უფლებამოსილი გასცეს სააღსრულებო ფურცელი, მაშინ სასამართლო ეტაპს ვიცილებთ თავიდან. სასამართლო ეტაპი, შედეგების კუთხით რაც უნდა კომფორტული იყოს ამა თუ იმ მხარისთვის, გარკვეულ ვადასთან და ფინანსებთან არის დაკავშირებული. ამიტომაც მექანიმზი, როცა ნოტარიუსი გამოდის სააღსრულებლო ფურცლის გამცემი სუბიექტი, პროცესების გაჭიანურებისა თავიდან აცილების კარგი საშუალებაა. იხილეთ გაგრძელება