აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ზოგიერთი „სახიფათო“ ქვეყნის მოქალაქეს აშშ-ში შესვლა უნდა აეკრძალოს.
„ჩვენ გვჭირდება აკრძალვის დაწესება კონკრეტული სახიფათო ქვეყნების მოქალაქეების აშშ-ში შემოსვლაზე და არა პოლიტიკურად კორექტული ტერმინების გამოყენება, რაც ხელს არ შეუწყობს ჩვენი ხალხის დაცვას“, - დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.
მიმდინარე წლის 6 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას აშშ-ის ტერიტორიაზე ექვსი ქვეყნის მოქალაქეების (სუდანი, სირია, ირანი, ლიბია, სომალი და იემენი) შესვლაზე დროებითი აკრძალვის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის ამ გადაწყვეტილებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია. აშშ-ის რიგმა სასამართლოებმა შეაჩერეს აღნიშნული განკარგულების მოქმედება. გასულ კვირას თეთრმა სახლმა აშშ-ის უზენაეს სასამართლოს მიმართა ტრამპის განკარგულების აღდგენის მოთხოვნით.