ჩვენ ძალიან მალე გამოვაცხადებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფრო უნივერსალური გადახდის სისტემაზე კონკურსს, რომელიც არა მხოლოდ მეტროს ბარათებით გადახდას უზრუნველყოფს, არამედ სხვადასხვა ბანკის პლასტიკური ბარათების გამოყენებით , - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სხვადასხვა ბანკის პლასტიკური ბარათით მგზავრობის საფასურის გადახდის შესაძლებლობა ტურისტებისთვისაც და ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც კომფორტული იქნება.
"ჩვენ საკმაოდ მოცულობითი კვლევები ჩავატარეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან და მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, რომლის პირველი ეტაპიც იყო ახალი ავტობუსების პროექტი, მიმდინარეობს მეტროს მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც ჩვენი შემდგომი პრიორიტეტია. ცვლილებები ეხება ხარისხის გაუმჯობესებას, ამ ეტაპზე ტარიფთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციები არ მიმდინარეობს. გადახდის სისტემა უმჯობესდება, ჩვენ ძალიან მალე გამოვაცხადებთ ახალი, უფრო უნივერსალური გადახდის სისტემაზე კონკურსს, რომელიც არა მხოლოდ მეტროს ბარათებით გადახდას უზრუნველყოფს, არამედ პლასტიკური ბარათებითაც იქნება გადახდა შესაძლებელი, სხვადასხვა ბანკის ბარათების გამოყენებით, რაც ტურისტებისთვისაც ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც ძალიან კომფორტული იქნება", - განაცხადა ნარმანიამ.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე განცხადებები ხვალ თბილისის მთავრობის სხდომაზე გაკეთდება.