მაიკო ქავთარაძე ახალგაზრდა მეწარმეა, რომელიც სხვადასხვა კერძისთვის განკუთვნილ, ეკოლოგიურად სუფთა სანელებლების ნაზავს ქმნის. Spy recipe მისი ოჯახური მცირე ბიზნესია. დედის რეცეპტით ამჟამად ექვსი სახეობის ქართული კერძის მოსამზადებლად საჭირო სუნელები იწარმოება. ჩამონათვალი ყველაზე პოპულარული და ტრადიციული კერძების მიხედვით შეირჩა. სიაში ამჟამად ლობიო, ნიგვზიანი ბადრიჯანი, საცივი, კუბდარი, ჩაშუშული და ხინკალი მოხვდა.
სუნელები ბრენდირებული და შეფუთულია. ამაზე ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა, მაიკოს ძმამ იმუშავა. პროდუქციის რეალიზაცია ძველ თბილისში და იმ ტურისტულ ადგილებში ხდება, რომლებსაც ბევრი უცხოელი ვიზიტორი სტუმრობს. მოთხოვნაც საკმაოდ დიდი და ამავდროულად მზარდია.
როცა მაიკო 600 ლარიანი მცირე დანაზოგით სტარტაპს იწყებდა, მაშინ არ ეგონა რომ პროდუქცია მომხმარებლებს ასე მოეწონებოდათ. გათვლა თავიდანვე ტურისტებზე იყო გაკეთებული. ამიტომაც შეფუთვაზე სამ უცხო ენაზე: რუსულად, ინგლისურად და ებრაულად მომზადების რეცეპტია დატანილი.
Spy recipe 50 გრამიან შეფუთვებში იყიდება და სხვადასხვა სუნელის ფასი 4-დან 5 ლარამდე მერყეობს. ერთი პროდუქტით ერთი სახეობის კერძის რამდენჯერმე მომზადებაა შესაძლებელი.
„ტურისტებს განსაკუთრებით მოსწონთ ქართული სამზარეულო. თუმცა, ყველა კერძს სჭირდება შესაბამისი მომზადება, სანალებლების შერჩევა მათთვის ხშირად სირთულეს წარმოადგენდა. ჩვენ მათ ეს პროცესი
გავუმარტივეთ.
ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც არ უნდა იყო, Spy recipe-ის დახმარებით, სამზარეულოში ქართული სურნელის დაყენებაა შესაძლებელი. აქედან გამომდინარე შევარჩიეთ სახელიც, Spy recipe - ჯაშუში სუნელი. ეს პროდუქტი რეალურად მართლაც ჯაშუშის როლს ასრულებს სამზარეულოში და დიასახლისს გემრიელი კერძის უშეცდომოდ მომზადებაში ეხმარება“, -აღნიშნა მაიკო ქავთარაძემ.
ცოტა ხნის წინ Spy recipe „თიბისი ბანკის“ სტარტაპების მხარდამჭერ პროგრამაში ჩაერთო. სტარტაპი ამჟამად პროგრამის არაფინანსური ნაწილით სარგებლობს.
მაიკო ქავთარაძე თვლის, რომ ამ ეტაპზე
მათთვის ამ ტიპის დახმარება საკმაოდ მნიშვნელოვანია.
„მცირე ბიზნესის განვითარებას დასაწყისში სხვადასხვა მეთოდით სჭირდება ხელის შეწყობა.
ის, რომ ჩვენ არ გვჭირდება მაგალითად პროდუქციის ინტერნეტსივრცეში რეკლამირებისთვის ფინანსური რესურსის დახარჯვა და ამაში „თიბისი ბანკი“ გვიწყობს ხელს, ჩვენთვის ესეც დიდი მხარდაჭერაა.“-აღნიშნა მაიკო ქავთარაძემ.
სამომავლოდ, Spy recipe წარმოების გაზრდას და პროდუქციის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს. ამ ეტაპზე Spy recipe სახლის პირობებში მზადდება და მაღაზიებს მხოლოდ მოთხოვნის მიხედვით მიეწოდება.
თუმცა, სტარტაპს უფრო საინტერესო გეგმები აქვს. მაიკო საკუთარი საწარმოს გახსნასა და პროდუქციის იმ ქვეყნებში გატანას გეგმავს, სადაც ქართულ სამზარეულოს კარგად იცნობენ.
Spy recipe-მ უკვე მიიღო მონაწილეობა რამდენიმე გამოფენაზე, სადაც პროდუქციამ მოწონებაც დაიმსახურა.
ქრისტინე გამთენაძე
#სტარტაპერი #გვეამაყები
ფოტოები: ADvan/ედვენი