DCFTA საინფორმაციო ცენტრების პროექტის ფარგლებში, ქალაქ ზუგდიდში თხილის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გაიმართა.
როგორც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა იუწყება, აღნიშნული ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გახსნა. ტრენინგი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.
ბიზნეს სექტორს თხილთან დაკავშირებული სიჯანსაღისა და ექსპორტის ფიტოსანიტარიული მოთხოვნები გააცნეს. ტრენინგს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ "სურსათის ეროვნული სააგენტოს" ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ოთარ სხვიტარიძე უძღვებოდა. მთავარი თემები იყო: მცენარეთა სიჯანსაღესთან დაკავშირებული საქართველოს მარეგულირებელი ნორმატივები, ზოგადი და სპეციფიური მოთხოვნები საქართველოდან თხილის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტისას, თხილის ძირითადი მავნე ორგანიზმები და მათი კონტროლი თხილის მწარმოებელ ფერმერულ მეურნეობაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების აღრიცხვის ჟურნალების წარმოება და სხვ.
„ღონისძიების ძირითადი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმს მოიცავდა. ადგილობრივ მცირე და საშუალო მეწარმეებს საშუალება ჰქონდათ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხები ადგილზე მოესმინათ. აღსანიშნავია, რომ ტრენინგის საჭიროება DCFTA საინფორმაციო ცენტრების ექსპერტების მიერ გამართული შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა“, - აცხადებს DCFTA საინფორმაციო ცენტრების პროექტის ხელმძღვანელი გიორგი ვეკუა.
პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარეობს და მას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს. პროექტი მცირე და საშუალო მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება. ის ევროკავშირის ინიციატივა EU4Business-ის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული ინიციატივის მიზანია დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით. ინიციატივა ხელს უწყობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, მეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებას და ფინანსებთან ხელმისაწვდომობას.