ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სამინისტროს მოლაპარაკება აქვს კომპანია ”ავერსთან”, რათა ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებს, ახალი შენობის აშენებამდე ნორმალურ პირობებში მუშაობის საშუალება მიეცეთ. როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, სამი წლის წინ სამინისტროს უკვე ჰქონდა საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის გამოყოფილი შესაბამისი შენობა, ბიუჯეტი და მომზადებული იყო პროექტი, თუმცა ის ვერ განხორციელდა, ვინაიდან, სახელმწიფოს მიერ შერჩეულ შენობაში სოციალურად დაუცველი პირები იყვნენ შეჭრილები.
”ჩვენ დღესაც ვთავაზობთ, ამ ცენტრს იჯარის თანხის მიცემას, რათა მოეძებნათ შენობა და ახალის აშენებამდე ისინი ნორმალურ პირობებში ყოფილიყვნენ. სამწუხაროდ, ესეც ვერ მოხერხდა, რადგან შესაბამისი შენობა ვერ მოიძიეს. დღეს გვაქვს ასეთი ვითარება - უნივერსისტეტის მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე გამოყოფილია მიწა, სადაც ვაპირებთ ავაშენოთ ინფექციური საავადმყოფოს შენობა. ახლა არის პროექტირების სტადია. იდეალურ შემთხვევაში, მშენებლობის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ იქნება იქ პაციენტების მიღება შესაძლებელი. ამიტომ ეს ორი წელი რომ გაუსაძლის პირობებში არ იყვნენ, ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება და ალბათ, პრემიერთან საღამოს შეხვედრაზეც გვექნება საუბარი ამაზე, რომ მოველაპარაკოთ კომპანია ”ავერსს”, რათა მათ მოგვცენ საშუალება ამ პერსონალის განთავსების. თითქმის ნახევარ მილიონს ვიხდით იჯარის თანხას, დღეს არსებული საავადმყოფოსთვის და ეს ნახევარი მილიონი შეგვიძლია მოვახმაროთ შედარებით ნორმალური პირობების შექმნას. ვფიქრობ, ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მივიღებთ”, - განაცხადა სერგეენკომ.
”ავერსის” ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გახსნის პარალელურად, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ექიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ხელისუფლებისგან ყურადღების მიქცევას ითხოვენ, ვინაიდან ცენტრის ექიმებს ამჟამად გაუსაძლის პირობებში უწევთ მუშაობა.
ახალი კლინიკის გახსნას პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა, რომელიც აქციის მონაწილეებს გაესაუბრა და ექიმებს დამატებით შეხვედრას დაპირდა.