„სტარტაპ საქართველომ“ კონკურსში გამარჯვებული პროექტის - ”ავტომობილების ვერტიკალური პარკირების სისტემა” პრეზენტაცია გამართა.
პარკირების ელევატორული სისტემა წარმოადგენს ლითონის კონსტუქციებს, რომელიც მომხმარებელს ერთი ავტომობილის ადგილზე ათამდე ავტომობილის პარკირების შესაძლებობას აძლევს. კონსტრუქცია „სტარტაპ საქართველოს“ კონკურსში გამარჯვებულმა კომპანია შპს „რევერსმა“ ”საპარტნიორო ფონდის” დაფინანსებით და ”საქართველოს ვაგონშემკეთებელი კომპანიის” მხარდაჭერით ააგო.
როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, პროექტს საფუძვლად დაედო ქართული პატენტი, რომლის ავტორები ტექნიკის მეცნიერებათა აკედემიური დოქტორი მალხაზ ცისკარიშვილი, ინჟინერი სერგო ჯორბენაძე, ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ანზორ საკანდელიძე და ეკონომისტი ფრიდონ გუნცაძე არიან. პროექტის ჯამური ღირებულებაა 100 000 ლარი, რომელშიც ”სტარტაპ საქართველოს” ინვესტიცია 90 000 ლარს შეადგენს.
პროექტის პრეზენტაციას ”საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელი დავით საგანელიძე, თბილისის ვიცე მერი ლაშა აბაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ასევე პროექტის ავტორები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.