სრულიად მთავრობის პოზიციაა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ უნდა მოხდეს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა. მისი თქმით, ამ საკითხზე საუბარი იყო მუხრანში გამართულ შეხვედრაზეც და პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების აზრი ერთიანია.
”უმრავლესობის ბოლო შეხვედრაზე მუხრანში, პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გააჟღერა ეს საკითხი. არის ერთიანი მიდგომა, არის თანხვედრა - ჩაიწეროს კონსტიტუციაში, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება არ მოხდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. ეს პოზიცია აქვს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტარებს და სრულიად მთავრობას”, - განაცხადა კალაძემ.