კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურების აბონენტების რაოდენობამ 2016 წლის ბოლოს 699 ათასი აბონენტი შეადგინა, რაც 2015 წლის ბოლოსთან შედარებით, 10.0%-ით (63.8 ათასი აბონენტით) მეტია.
აბონენტების უმეტესი ნაწილი 57.6% ოპტიკურ-ბოჭკოვან ტექნოლოგიას იყენებდა. შემდეგ ადგილზე იყო xDSL მომსახურება - 21.7%, WiFi – 15.7%, ფიქსირებული LTE – 4.8%. ყველა დანარჩენი სახის ტექნოლოგიებს (WiMax, Canopy, თანამგზავრი) ჯამში ფართოზოლოვანი აბონენტების საერთო რაოდენობის 0.2% ეკავათ.
აქედან, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით მომსახურების მიმღები აბონენტების რაოდენობის ზრდის ტემპი სხვა ტექნოლოგიებთან შედარებით მაღალია. 2016 წლის ბოლოს 403 ათასი ოპტიკურ-ბოჭკოვანი აბონენტი დაფიქსირდა, რაც 2015 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 11.3%-ით (40.9 ათასი აბონენტით) მეტია. xDSL ტექნოლოგიით მომსახურების მიმღები აბონენტების რაოდენობამ 2016 წლის ბოლოს 152 ათასი აბონენტი შეადგინა. 2015 წლის ბოლოსთან შედარებით, აბონენტების რაოდენობა 15.7%-ით (28 ათასი აბონენტით) შემცირდა.
WiFi ტექნოლოგიით მომსახურების მიმღები აბონენტების რაოდენობამ 2016 წლის ბოლოს 110 ათასი აბონენტი შეადგინა, რაც 2015 წლის ბოლოსთან შედარებით 42.2%-ით (32.7 ათასი აბონენტით) მეტია. ფიქსირებული LTE ტექნოლოგიის მომხმარებელ აბონენტთა რაოდენობამ კი 2016 წლის ბოლოს 33.8 ათასი აბონენტი შეადგინა, რაც 2015 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 152%-ით მეტია.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2016 წელს ფიქსირებულ ფართოზოლოვან მომსახურებას სულ 188 პირი ეწეოდა, აქედან ოპტიკურ- ბოჭკოვან მომსახურებას - 55, xDSL მომსახურებას - 14, WiFi-ს -161, ფიქსირებულ LTE-ს კი 1 ავტორიზებული პირი.
„გასული წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მომსახურების აბონენტების 41.2%-ს „მაგთიკომი“ ფლობდა, „სილქნეტი“ - 31.7%-ს, „ახალი ქსელები“ - 7.1%, „დელტა-ნეტი“ - 7.0%, „კავკასიის ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ (CGC) – 5.9%, „ა-ნეტი“ - 2.4%, ყველა სხვა ოპერატორის წილი კი ჯამში 4.7%-ს შეადგენდა.
რაც შეეხება xDSL ტექნოლოგიას, აბონენტების 83.3%-ს „სილქნეტი“ ფლობდა, „ახალი ქსელები“ - 9.4%-ს, „ახტელი“ - 4.8%-ს, ყველა სხვა ოპერატორის წილი კი ჯამში 2.5%-ს შეადგენდა (ახალი ქსელები და ახტელი ურთიერთდამოკიდებული აფილირებული პირები არიან).
სხვა ტექნოლოგიებისგან განსხვავებით, WiFi ინტერნეტის მომსახურების ბაზარზე მნიშვნელოვანი საბაზრო წილის მქონე გამოკვეთილი ოპერატორები არ არიან. ბაზარზე 161 მცირე კომპანია ოპერირებს, რომელთაგან ყველაზე დიდი ოპერატორის - „სქაიტელის“ საბაზრო წილი 8.4%-ს შეადგენს,“-ვკითხულობთ ანგარიშში.