5 თვის განმავლობაში, მესტიის აეროპორტი 2 343 მგზავრს, ამბროლაურის აეროპორტი კი, 324 მგზავრს მოემსახურა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, ბოლო 5 თვის განმავლობაში მესტიის აეროპორტი - 2 343, ხოლო ამბროლაურის აეროპორტი სულ 324 მგზავრს მოემსახურა.

როგორც სააგენტო იუწყება, მესტიის აეროპორტი მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში 2 343 მგზავრს მოემსახურა, რაც 1 145 მგზავრით, შესაბამისად 95,58%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის პირველ 5 თვეს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა.

”ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში განხორციელდა 6 739 სამგზავრო და სატვირთო რეისი (5 380 რეგულარული და 1 359 ჩარტერული), რაც 39,12%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობას (4 844).”

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13,64%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების რაოდენობამ (2016 წელს - 47 136 ერთეული გადაფრენა, 2017 წელს - 53 567 ერთეული გადაფრენა).

მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, ზრდა დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 14 398,043 ტონა შეადგინა, რაც 4 700,32 ტონით, შესაბამისად - 48,47%-ით მეტია, ვიდრე წინა წელს გადაზიდული ტვირთის ოდენობა”, - აცხადებენ სააგენტოში.