5 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა რაოდენობა 46,96%-ით გაიზარდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილია 1 224 010 მგზავრი , რაც 46,96%-ით (391 124 მგზავრით) აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (832 886 მგზავრი).

უწყების ცნობით, ზრდა დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში. კერძოდ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2017 წლის 5 თვის განმავლობაში მოემსახურა 1 005 605 მგზავრს. 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში, აღნიშნული მონაცემი 703 405 მგზავრს შეადგენდა, შესაბამისად, მატებამ 42,96% შეადგინა; ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 94,37%-ით არის გაზრდილი. თუ წინა წლის 5 თვეში აეროპორტი მოემსახურა 54 432 მგზავრს, მიმდინარე წელს ამ მაჩვენებელმა 143 546 მგზავრი შეადგინა; ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში 72 516 მგზავრს მოემსახურა, რაც 33,22%-ით (18 084 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

”აღსანიშნავია, რომ მგზავრთნაკადის მხრივ, გასული 5 თვე არ წარმოადგენს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისათვის პიკურ პერიოდს და აღნიშნული მიმართულებით რეგულარული და ჩარტერული რეისების რაოდენობა ზაფხულის სეზონზე მნიშვნელოვნად გაიზრდება.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13,64%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების რაოდენობამ (2016 წელს - 47 136 ერთეული გადაფრენა, 2017 წელს - 53 567 ერთეული გადაფრენა).

მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, ზრდა დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 14 398,043 ტონა შეადგინა, რაც 4 700,32 ტონით, შესაბამისად - 48,47%-ით მეტია, ვიდრე წინა წელს გადაზიდული ტვირთის ოდენობა”, - აცხადებენ სააგენტოში.