პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი არ იზიარებს კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვით ეროვნული ბანკის საქმიანობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ზედამხედველობას არ ექვემდებარება.
აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით, კომიტეტის სხდომაზე შენიშვნები ჰქონდათ როგორც საპარლამენტო ოპოზიციის, ასევე უმრავლესობის წარმომადგენლებს.
როგორც კომიტეტის სხდომაზე ითქვა, მათი პრინციპული პოზიციაა, რომ ეროვნულ ბანკში აუდიტის სამსახური მუშაობდეს.
როგორც ამასთან დაკავშირებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პაატა კვიჟინაძემ განმარტა, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის განმტკიცება არგუმენტად ვერ მიიღება იმ მიზეზის გამო, რომ როგორც მოქმედი, ასევე კონსტიტუციის პროექტით გარანტირებულია სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, ასევე კანონმდებლობით უზრუნველყოფილია პარლამენტის, სახალხო დამცველის, საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობა და ამის მიუხედავად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური აღნიშნულ ორგანიზაციებს ამოწმებს.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შეფასებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯების შემოწმების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.