თუ ფარმაცევტულ კომპანიებს კლინიკებისა და სადაზღვევო კომპანიების მართვის უფლება აღარ ექნებათ, ჩვენ დავუბრუნებთ მთავრობას საავადმყოფოს და მათ დაგვიბრუნონ ჩვენი ფული , - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს იმ განცხადებას, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს შესაძლოა კლინიკებისა და სადაზღვევო კომპანიების მართვის უფლება აღარ ჰქონდეთ.
როგორც ოქრიაშვილმა აღნიშნა, ასეთი განცხადებები ბიზნესგარემოს აზიანებს. "შეფასებას არ გავაკეთებ. მომხრე არ ვარ არავითარი აკრძალვების, დანგრევების და ა.შ. თუ უკვე რაღაცაა გაკეთებული, თანაც კარგად.
თუ ეს საკითხი სერიოზულად დადგება და საკითხი დგას ჩემს კომპანიაზე, ჩვენ ავაშენეთ საავადმყოფო, ინვესტირება გავაკეთეთ 50 მილიონი დოლარის, მთავრობის დადგენილების საფუძველზე, დავუბრუნებთ უკან მთავრობას, დაგვიბრუნოს ჩვენი ფული. ეს არის ჩვენი პასუხი",- აღნიშნა ოქრიაშვილმა.
რაც შეეხება სერგეენკოს განმარტებას, რომ ეს ევროდირექტივას უკავშირდება, დეპუტატი ამბობს, რომ ასეთი ევროდირექტივა არ უნახავს. დეპუტატი ყველას მოუწოდებს, არ გააკეთონ ისეთი განცხადებები, რომელიც ბიზნეს განწყობას დააზიანებს.
"ასეთი განცხადებები აზიანებს ბიზნეს განწყობას, რადგან ბიზნეს განწყობა არის ემოციური განწყობა. მოვუწოდებ ყველას, ძალიან ფრთხილი განცხადებები აკეთონ, რათა არ დააზარალონ ისეთი მყიფე, რთული ბიზნესგარემო",- განაცხადა ოქრიაშვილმა.
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ ასეთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.