ირაკლი კობახიძე - საბედნიეროდ, ბიზნესზე ზეწოლის კუთხით მძიმე პრაქტიკა საქართველოში დასრულებულია

საბედნიეროდ, ბიზნესზე ზეწოლის კუთხით მძიმე პრაქტიკა საქართველოში დასრულებულია ,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უმრავლესობის დეპუტატ კახა ოქრიაშვილის პასუხს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს შესაძლოა კლინიკებისა და სადაზღვევო კომპანიების მართვის უფლება აღარ ჰქონდეთ.

კობახიძემ აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ასეთი ინიციატივა გაჟღერდება, დეტალური კომენტარიც მაშინ გაკეთდება. „საბედნიეროდ, ბიზნესზე ზეწოლის კუთხით მძიმე პრაქტიკა საქართველოში დასრულებულია. რაც შეეხება კონკრეტულ ინიციატივას, მას შემდეგ, რაც ასეთი ინიციატივა გაჟღერდება, შემდეგ მოგვეცემა უფრო კონკრეტული კომენტარის გაკეთების საშუალება“,- აღნიშნა კობახიძემ.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გუშინ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც ფარმაცევტულ კომპანიებს შესაძლოა კლინიკებისა და სადაზღვევო კომპანიების მართვის უფლება აღარ ჰქონდეთ. მინისტრის ამ განცხადებას უმრავლესობის წევრი დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის მწვავე პასუხი მოჰყვა. როგორც ოქრიაშვილმა აღნიშნა, ასეთი განცხადებები ბიზნესგარემოს აზიანებს.

"შეფასებას არ გავაკეთებ. მომხრე არ ვარ არავითარი აკრძალვების, დანგრევების და ა.შ. თუ უკვე რაღაცაა გაკეთებული, თანაც კარგად.

თუ ეს საკითხი სერიოზულად დადგება და საკითხი დგას ჩემს კომპანიაზე, ჩვენ ავაშენეთ საავადმყოფო, ინვესტირება გავაკეთეთ 50 მილიონი დოლარის, მთავრობის დადგენილების საფუძველზე, დავუბრუნებთ უკან მთავრობას, დაგვიბრუნოს ჩვენი ფული. ეს არის ჩვენი პასუხი",- აღნიშნა ოქრიაშვილმა.

რაც შეეხება სერგეენკოს განმარტებას, რომ ეს ევროდირექტივას უკავშირდება, დეპუტატი ამბობს, რომ ასეთი ევროდირექტივა არ უნახავს. დეპუტატი ყველას მოუწოდებს, არ გააკეთონ ისეთი განცხადებები, რომელიც ბიზნეს განწყობას დააზიანებს.

"ასეთი განცხადებები აზიანებს ბიზნეს განწყობას, რადგან ბიზნეს განწყობა არის ემოციური განწყობა. მოვუწოდებ ,ყველას ძალიან ფრთხილი განცხადებებები აკეთონ, რათა არ დააზარალონ ისეთი მყიფე, რთული ბიზნესგარემო",- განაცხადა ოქრიაშვილმა.