100 და მეტი დასაქმებულის შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებული იქნება შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური

პარლამენტს შრომის უსაფრთხოების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი წარედგინა.

პროექტის ავტორი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ინიციატორი კი საქართველოს მთავრობაა.

როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, მისი მოქმედება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე გავრცელდება. ამ სამუშაოთა ჩამონათვალს კი კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს.

პროექტის მიხედვით, ყველა პირი, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად აწარმოებს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებული იქნება საქმიანობა შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დაარეგისტრიროს. ამ რეგისტრაციის გარეშე მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოების საქმიანობის განხორციელება აკრძალული იქნება.

მსგავსი ტიპის სამუშაოების განხორციელება ამ საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე ან საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში არასახვა გამოიწვევს დამსაქმებელის 500 ლარით დაჯარიმებას. ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.

ამასთან, პარლამენტში ინიცირებული პროექტით, შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასახული ამოცანების ორგანიზებისა და პრევენციის დოკუმენტის შესაბამისად 2019 წლის 1 იანვრიდან დამსაქმებელი ვალდებულია, საწარმოში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი დანიშნოს ან ამ მიზნით სპეციალური სამსახური შექმნას.

„დამსაქმებელს, რომელსაც ჰყავს 20 და ნაკლები დასაქმებული, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები იმ პირობით, თუ მას ან მის წარმომადგენელს გავლილი აქვს სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და პირველადი სამედიცინო დახმარების სასწავლო კურსი. 20-დან 100-მდე დასაქმებულის შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია დანიშნოს შრომის უსაფრთხოების მინიმუმ ერთი სპეციალისტი. 100 და მეტი დასაქმებულის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური,“ - ნათქვამია კანონპროექტში.

კანონპროექტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებული იქნება მუშაობის პერიოდში დასაქმებული უბედური შემთხვევის დაზღვევით უზრუნველყოს. როგორც პროექტშია აღნიშნული, კანონის ეს პუნქტი 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

თაია არდოტელი