ექსპერტი გია ხუხაშვილი ალოგიკურსა და სახიფათოს უწოდებს ინიციატივას იმის შესახებ, რომ პარტიების ფინანსური აუდიტი აუდიტის სამსახურმა აღარ განახორციელოს.
როგორც ხუხაშვილმა აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, ასევე არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს საუბარი იმაზე, რომ აუდიტის სამსახურის ალტერნატივად შესაძლოა განისაზღვროს ცესკო ან პარლამენტი, რადგან აღნიშნულ ორგანოებს ფინანსური საკითხების შესწავლის კომპეტენცია არ გააჩნიათ.
”ეს არის, რბილად რომ ვთქვათ, ალოგიკური და სახიფათო წინადადება. ერთადერთი ალტერნატივა აუდიტის სამსახურის არის საგადასახადო ორგანოები, რომლებიც მთლიანად ინტეგრირებულია აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და რისკი იმის, რომ ეს სამსახურები იმუშავებენ ხელისუფლების ინტერესების გათვალისწინებით, ძალიან მაღალია. აუდიტის სამსახური, ასე თუ ისე, მაინც არის კოლექტიური ორგანო პარლამენტის ლეგიტიმაციით, რომელსაც აქვს დამოუკიდებლობის გარკვეული ხარისხი. მისი დამოუკიდებლობის ხარისხი და ობიექტურობის შანსი უფრო მეტია საგადასახადო ორგანოებთან მიმართებაში.
ალტერნატივად პარლამენტის ან ცესკო-ს დასახელება არის აბსოლუტურად არაკომპეტენტური ნათქვამი, რადგან ფინანსური საკითხების შესწავლის კომპეტენცია, ჩვენი კანონმდებლობით, აქვს მხოლოდ აუდიტის სამსახურს ან საგადასახადო ორგანოებს. ფინანსების შესწავლას სჭირდება შესაბამისი პროფესიონალიზმი. რას ჰქვია პარლამენტი ან ცესკო? სპეციალურად ახალ ინსტიტუტს შექმნიან ფინანსური მონიტორინგის?! წარმოუდგენელია ასეთი რამ. როგორ შეიძლება ფინანსური მონიტორინგის ფუნქცია მისცე იმ ორგანოებს, რომლებსაც ამის კომპეტენცია არ გააჩნიათ? როგორც უნდათ, რომ ჭრიან და კერავენ ასე ხომ არ არის?!”, - განაცხადა ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებები აზიანებს სახელმწიფოს.
”პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული განცხადებაც არის ამ ახალგაზრდა, მოუმწიფარი ადამიანის ფეხების დაბაკუნება. მე არ ვიცი, რა დგას ამ ყველაფრის უკან, ვინ რა ჩაუჩურჩულა ყურში და მერე რა წამოაყრანტალა. მან წარმართა პროცესი, რომლის მთლიანად დისკრედიტაცია მოახდინა - საუბარია საკონსტიტუციო ცვლილებებზე. შიგნითაც კი აერია სიტუაცია და ფინალურ ეტაპზე მუხრანის აჯანყება მოხდა. კიდევ ახალ-ახალ რამეებს აწყობს, თუმცა სჯობს დამშვიდდეს, დაწყნარდეს, დალაქთან წავიდეს და თმა შეიჭრას, თორემ ხედავს, რომ მიდის პიროვნული დრამისკენ და აზიანებს სახელმწიფოს”, - აღნიშნა ხუხაშვილმა.
პოლიტიკური პარტიების ფინანსური აუდიტი შესაძლოა აუდიტის სამსახურმა აღარ განახორციელოს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დისკუსია გუშინ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გაიმართა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ნაწილზე იმსჯელეს, რომელიც ფინანსების კონტროლს ეხება.
პარლამენტის წევრების მხრიდან დაისვა საკითხი იმის შესახებ, რომ არ არის მიზანშეწონილი პარტიების ფინანსური კონტროლის კომპეტენცია აუდიტის სამსახურს ჰქონდეს მინიჭებული. ანალოგიური იყო თავად აუდიტის სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლის პოზიციაც.