საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, კუნიო მიკურიას შეხვდა, რომელიც თბილისში მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის საინფორმაციო ტექნოლოგიების კონფერენციის ფარგლებში იმყოფება.
როგორც ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება, მხარეებმა საქართველოსა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ასევე, ხაზი გაუსვეს თბილისში მიმდინარე კონფერენციისა და გამოფენის მნიშვნელობას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა საბაჟო სფეროში და მას მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის წევრი 180 ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციების, საზღვრის მართვაში ჩართული სხვადასხვა უწყების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები (500-ზე მეტი სტუმარი) ესწრებიან.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენციაა, სადაც შესაძლებელია იმ გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საზღვრებსა და საბაჟოზე, ხაზი უნდა გაესვას საზღვრის მართვაში ჩართული ადამიანების კვალიფიკაციას. სწორედ მათ სჭირდებათ შესაბამისი ინსტრუმენტები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომლებიც სწორი ანალიზის გაკეთების შესაძლებლობას მისცემთ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა პარტნიორ საბაჟო ორგანიზაციებთან, რომელთა შორისაც მიმდინარეობს ვაჭრობა. სწორედ ვაჭრობაზეა დღეს დამყარებული ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განვითარების ვექტორი, ვინაიდან ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც უნდა გახდეს ტრანზიტული და ლოგისტიკური ჰაბი, ქვეყანა რომელიც ევროპისა და აზიის, აბრეშუმის გზის გასაყარზე მდებარეობს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
თავის მხრივ, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, კუნიო მიკურიამ იმედი გამოთქვა, რომ კონფერენცია ნაყოფიერად ჩაივლის.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია საბაჟო გაერთიანებებისთვის, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავეცნოთ ახალ ტექნოლოგიებს და გავცვალოთ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება. ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენ ვიმყოფებით საქართველოში, რომელიც არის ტრანზიტული ქვეყანა და რეგიონის ლოგისტიკური ჰაბი. ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება მნიშვნელოვანია საქართველოს საბაჟოების განვითარებისთვის იმედი გვაქვს, რომ კონფერენცია ძალიან ნაყოფიერად ჩაივლის“, - აღნიშნა კუნიო მიკურიამ.
როგორც ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მსო (მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია) საინფორმაციო ტექნოლოგიების კონფერენცია ყოველწლიურად კონკრეტულ თემატიკას ეფუძნება. წელს კონფერენციის თემაა მონაცემთა ძალა საზღვრის ეფექტური მართვისთვის.
ღონისძიების ფარგლებში, კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ექნებათ საბაჟოებსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებს შორის ინფორმაციის უფრო ეფექტური გაცვლისათვის, განიხილონ და გაიზიარონ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში არსებული უახლესი გამოცდილება.