საქართველოსა და ყაზახეთს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ორ ქვეყანას საშუალება ექნება საბაჟო ინფორმაცია წინასწარ გაცვალოს.
როგორც შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა განმარტა, შეიქმნება სისტემა, რომლითაც წინასწარ შესაძლებელი იქნება ტვირთების მოძრაობის შესახებ ინფორმაციის მიღება, რაც ხელს შეუწყობს ტვირთის დროულად და მოქნილად გაფორმებას.
"ხელი მოვაწერეთ საბაჟო ინფორმაციის წინასწარი გაცვლის შესახებ შეთანხმებას ყაზახეთის რესპუბლიკასთან. ჩვენ უკვე გვაქვს განხორციელებული ინფორმაციის ავტომატურ რეჟიმში გაცვლის პროექტი თურქეთთან და აზერბაიჯანთან და ნელ-ნელა ამაში ჩაერთვებიან ე.წ. გუამის წევრი ქვეყნები.
ინფორმაციის წინასწარ გაცვლა ნიშნავს იმას, რომ თუ მაგალითად, ჩინეთიდან მოდის ტვირთი და მან უნდა გაიაროს საქართველო, მარშრუტის ქვეყნები როგორც კი დაფიქსირდება, ეს ინფორმაცია ჩვენთვის გახდება ცნობილი ტვირთის შემოსვლამდე. შესაბამისად, ჩვენს საბაჟო ორგანოებს წინასწარ შეუძლიათ დაამუშაონ ინფორმაცია და უმოკლეს ვადებში განახორციელონ ტრანზიტის გაფორმების პროცედურები", - განაცხადა გიორგი თაბუაშვილმა.