"მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის კონფერენციის თბილისში ჩატარება, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველომ ამ დარგში არნახულად დიდ წარმატებას მიაღწია"

ის ფაქტი, რომ მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის კონფერენცია საქართველოში ტარდება, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველომ ამ დარგში არნახულად დიდ წარმატებას მიაღწია , - ამის შესახებ მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა კუნიო მუკურიამ განაცხადა.

მისი განცხადებით, კონფერენციის მონაწილე 180 ქვეყნის საბაჟო სამსახურმა ერთმანეთს უნდა გაუზიაროს თავიანთი ცოდნა და გამოცდილება.

„კონფერენციაზე განვიხილავთ, როგორ გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები კერძოდ, ვაჭრობის დარგსა და სასაზღვრო მიმართულებით. კერძო სექტორს გაცილებით მეტი ცოდნა და გამოცდილება აქვს აღნიშნულ დარგში, ამიტომაც, მომხმარებლები სწორედ მათი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას საჭიროებენ.

საქართველო ცდილობს, რომ გახდეს ვაჭრობის ცენტრი და ამიტომაც, აღნიშნული კავშირების განმტკიცებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, საქართველო ცნობილია თავისი გულთბილობით, სტუმართმოყვარეობით, სამზარეულოთი, ღვინით და კონფერენციის 500 მონაწილე მოხარულია აქ ყოფნით.

გარდა ამისა, ჩვენ ვცდილობთ მოვძებნოთ კოორდინაციის საშუალება, რათა საბაჟო სამსახურმა უფრო ქმედითად, ეფექტურად იმოქმედოს და საბაჟომ თავისი ფუნქციები ეფექტურად განახორციელოს ერთი ფანჯრის, ერთი შეჩერების ფარგლებში“, - განაცხადა კუნიო მუკურიამ.

თბილისში მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის საინფორმაციო ტექნოლოგიების კონფერენცია გაიხსნა. მასში მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის წევრი 180 ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციები, საზღვრის მართვაში ჩართული სხვადასხვა უწყების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს დედაქალაქი 500-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობს.