თბილისის მერია მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის შექმნას გეგმავს.
მერიის ცნობით, ახალი თანამედროვე სისტემა მგზავრის კომფორტზე იქნება გათვლილი და მომხმარებელს საშუალებას მისცემს სწრაფი გადახდის აპარატებით, ბანკში და ინტერნეტ გვერდის საშუალებით შეიძინოს როგორც ერთჯერადი, ასევე ვადიანი სამგზავრო აბონენტები, რომლებსაც სისტემაში ჩართული ბანკები უზრუნველყოფენ.
სისტემის დანერგვის შემდეგ ავტობუსში გადახდისთვის მომხმარებელს შეეძლება გამოიყენოს ქართული ბანკების მიერ გამოშვებული საბანკო ბარათები, სატრანსპორტო ბარათი, ასევე ვირტუალური გადახდის საშუალებები, როგორიცაა მობილური ტელეფონი ან სურვილისამებრ შეიძინონ სატრანსპორტო ბარათები.
„ქართული ბანკების მიერ გამოშვებული ბარათებით გადახდისას მომხმარებელი დამატებით არ გადაიხდის საბანკო მომსახურების საკომისიოს. ამავე პროექტის ფარგლებში გამოიცვლება ავტობუსებში არსებული მოძველებული ვალიდატორები - გადახდის აპარატები, რომლებიც ახალი, თანამედროვე აპარატურით ჩანაცვლდება. ამასთან, მგზავრობის არსებული ტარიფი უცვლელი დარჩება.
გარდა ამისა, ტურისტებს საშუალება ექნებათ, მგზავრობის ღირებულება როგორც საქართველოში გამოშვებული სატრანსპორტო ბარათებით, ასევე უცხოური საბანკო ბარათებით გადაიხადონ.
ახალი სისტემა მოიცავს დისპეჩერიზაციის ავტომატურ სისტემასაც, რომლის საშუალებითაც მეტი სიზუსტით იქნება შესაძლებელი ავტობუსის განრიგის და მოსვლის დროის კონტროლი. დაიხვეწება საინფორმაციო ვებ გვერდი და მობილური აპლიკაცია.
რეფორმის გეგმარების პროცესში თბილისის მერიამ შეხვედრები გამართა და განიხილა ისეთი მოწინავე კომპანიების შეთავაზებები სისტემის და აღჭურვილობის ტექნიკურ მოთხოვნებზე როგორიცაა: Gemicle - უკრაინა, KentKart-თურქეთი, RG - პოლონეთი, Ridango -ესტონეთი, Trapeze - შვეიცარია, Xerox - აშშ, Azry - საქართველო.
ასევე საკონკურსო დავალების ტექნიკური მოთხოვნები განხილული იქნა ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის იყვნენ საქართველოს საბანკო ასოციაცია, VIZA საგადამხდელო სისტემა, EBRD და ADB ექსპერტები.
სისტემის მოდერნიზაციაზე კონკურსის გამოცხადება უახლოეს დღეებში იგეგმება, ხოლო ახალი სისტემის შექმნასა და დანერგვაზე მუშაობა მიმდინარე წლის ივლისში დაიწყება და ერთი წლის თავზე სრულად ამოქმედდება.
ამ დროისათვის არსებული გადახდის სისტემა 2007 წელს დაინერგა და მის ოპერირებას საქართველოს ბანკი ახორციელებს,“ - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.