რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს მოუწოდებს, "კონსტრუქციული განწყობა გამოიჩინოს" ცხინვალის გავლით ტვირთების ტრანზიტთან დაკავშირებით

რუსეთი მიესალმება ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებას, თანასწორუფლებიანად მონაწილეობა მიიღოს ტვირთების ტრანზიტში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის გავლით.

სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი მზად არის რუსეთიდან ტვირთების ტრანზიტი უზრუნველყოს, როგორც თანასწორუფლებიანმა პარტნიორმა.

„ყურადღება მივაქციეთ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებას. მივესალმებით ამ კონსტრუქტიულ და საპასუხისმგებლო პოზიციას, რომელიც ამიერკავკასიაში სავაჭრო-ეკონომიკური კომუნიკაციის განვითარების რეალურ პერსპექტივას წარმოადგენს და რეგიონის ყველა ქვეყნის ინტერესებშია“, - განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

რუსეთის საგარეო უწყებამ ასევე მოუწოდა საქართველოს „ამგვარი კონსტრუქციული განწყობა გამოიჩინოს“.

„ვგულისხმობთ, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს მთავრობებს შორის დადებულ შეთანხმებას საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ. ამ შეთანხმების პრაქტიკული რეალიზება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა რეგიონში საერთაშორისო ვაჭრობის წარმართვაში. სამწუხაროდ, ქართული მხარე დიდი ხნის განმავლობაში თავს იკავებს შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებისგან. ვიმედოვნებთ, რომ ეს პოზიცია შეიცვლება“, - აღნიშნეს რუსეთის საგარეოში.