ეკა გიგაური - პარტიების დაფინანსების მონიტორინგის სისტემა არის იმაზე უკეთესი, ვიდრე ბევრ სახელმწიფოში და მისი შეცვლის ინიციატივა დიდი შეცდომაა

პარტიების დაფინანსების მონიტორინგის სისტემა არის საუკეთესოდ შეფასებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ და არის იმაზე უკეთესი, ვიდრე ბევრ სახელმწიფოში , - ამის შესახებ ”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” თავმჯდომარე ეკა გიგაურმა განაცხადა, რითაც მმართველ გუნდში გაჟღერებულ ინიციატივას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ პარტიების ფინანსური აუდიტი შესაძლოა აუდიტის სამსახურმა აღარ განახორციელოს.

ეკა გიგაური ინიციატივას შეცდომას უწოდებს. მისი თქმით, მონიტორინგის ახლანდელი სისტემა არის გამჭვირვალე.

”ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს პარტიების დაფინანსების მონიტორინგის სისტემა არის საუკეთესოდ შეფასებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ და არის იმაზე უკეთესი, ვიდრე ბევრ სახელმწიფოში, მათ შორის ევროპის სახელმწიფოებში. აქედან გამომდინარე, ჩემთვის გაუგებარია, საერთოდ რატომ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ პარტიების ეს დაფინანსების სისტემა შეიცვალოს. დღეს ის არის გამჭვირვალე. დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა, რომ მიიღონ პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით ინფორმაცია და პარტიებიც უფრო მეტად არიან ანგარიშვალდებულები საზოგადოების წინაშე. ამის შეცვლა და სხვა სტრუქტურაში გადატანა, ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი შეცდომაა და არ ვიცით, რა დასაბუთება დგას ამის უკან”, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

პოლიტიკური პარტიების ფინანსური აუდიტი შესაძლოა აუდიტის სამსახურმა აღარ განახორციელოს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დისკუსია გუშინ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გაიმართა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ნაწილზე იმსჯელეს, რომელიც ფინანსების კონტროლს ეხება.

პარლამენტის წევრების მხრიდან დაისვა საკითხი იმის შესახებ, რომ არ არის მიზანშეწონილი პარტიების ფინანსური კონტროლის კომპეტენცია აუდიტის სამსახურს ჰქონდეს მინიჭებული. ანალოგიური იყო თავად აუდიტის სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლის პოზიციაც.