საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია-ლიკვიდაციის გამო სამსახურიდან გათავისუფლებული საჯარო მოხელეები კომპენსაციას ვეღარ მიიღებენ

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის.

კანონპროექტის ავტორი საჯარო სამსახურის ბიურო, ინიციატორი კი საქართველოს მთავრობაა.

ცვლილებების მიხედვით, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის გამო სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოხელეს კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით აღარ მიეცემა.

კერძოდ, როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, საჯარო მოხელეს 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით კომპენსაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემა, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო გათავისუფლდება სამსახურიდან. მაშინ როცა მოქმედი რედაქციით, აღნიშნულ კომპენსაციას საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით გათავისუფლებული საჯარო მოხელეც იღებდა.

რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლებული მოხელეები  კი მათი კომპეტენციის გათვალისწინებით, მობილობის წესით სხვა საჯარო დაწესებულებაში გადავლენ. ხოლო თუ ეს ვერ მოხერხდა 2 წლის ვადით მოხელეთა რეზერვში ჩაირიცხებიან და კომპენსაციას 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით მიიღებენ.

თაია არდოტელი