საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ორგანიზებით, თბილისში, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის საინფორმაციო ტექნოლოგიების მე-16 კონფერენცია და გამოფენა (2017 World Customs Organization IT Conference and Exhibition) გაიხსნა. კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა. დელეგატებისა და სტუმრების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენერალური მდივანი კუნიო მიკურია (Kunio Mikuriya) და ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი.
ფინანსთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის საინფორმაციო ტექნოლოგიების კონფერენცია და გამოფენა საბაჟო სფეროში ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა და მასში, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის წევრი 180 ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციების, საზღვრის მართვაში ჩართული სხვადასხვა უწყების საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. წელს, ღონისძიებას 600-მდე დელეგატი ესწრება.
„კონფერენცია/გამოფენა უნიკალური შანსია საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით გავიზიაროთ თანამედროვე ტენდენციები და გამოცდილება საბაჟო სფეროში. ამასთან, საქართველო მოწოდებულია აღადგინოს ისტორიული სავაჭრო და სატრანზიტო ჰაბის სტატუსი რეგიონში. ჩვენმა ქვეყანამ სხვადასხვა დარგში გატარებული რეფორმებით ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ეკონომიკური წინსვლა განიცადა, რაც ასახულია საქართველოს საერთაშორისო რეიტინგებში დაკავებულ პოზიციებში. შესაბამისად, ჩვენთვის, ისევე როგორც კონფერენციაში მონაწილე ყველა ქვეყნისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია ახალი გამოწვევების გაცნობა, იდენტიფიცირება და მათთვის შესაბამისი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განსაზღვრა/შემუშავება“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, შემოსავლების სამსახურის უფროსის, გიორგი თაბუაშვილის თქმით, ღონისძიების მსვლელობისას, დელეგატები გაეცნობიან თანამედროვე ტენდენციებს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში და გაიზიარებენ მათი გამოყენების მეთოდებსა და ტექნიკურ საშუალებებს საბაჟო პროცედურების წარმოებისას. დღესვე, კონფერენციის მონაწილეებმა მოისმინეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პრეზენტაცია საქართველოს საბაჟო სფეროში დანერგილი ელექტრონული სერვისების, ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის უახლესი სისტემების შესახებ. კონფერენციის ფარგლებში, მოხსენებებით წარსდგებიან მსოფლიო ბანკის, გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს, ევროკავშირის საბაჟო და საგადასახადო კავშირის (EU TAXUD), საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის - IATA, საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის კავშირის - IRU, ასევე, საბაჟო და ტრანსპორტის სფეროში წამყვანი საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიების წარმომადგენლები. მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის კონფერენცია 3 დღეს გასტანს და 9 ივნისს დაიხურება.