რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებმა ბიზნეს სექტორისთვის ხელსაყრელი პირობებისა და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის საკითხზე იმსჯელეს.
როგორც რეგიონული განვითარების სამინისტროდან იუწყებიან, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური პროექტები გზების, წყალმომარაგების, ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ეკოლოგიური მიმართულებით. ასევე, ისაუბრეს ქართულ ბიზნესში დღეს არსებულ გამოწვევებზე, მისი განვითარებისთვის სათანადო პირობების შექმნის აუცილებლობასა და უფრო მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლების განცხადებით, მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრები, სადაც მოხდება ინფორმაციებისა და მოსაზრებების გაცვლა. აუცილებელია კერძო და საჯარო სექტორს შორის ორმხრივი ინტერესების შეჯერება.
შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები , ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გაერთიანებული წყალმომარაგების და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.